_ ექვსსულიანი ოჯახი ჩემი პენსიით ვცხოვრობთ. მანდარინი კი მაქვს, შვიდ ტონამდე მოსავალს ვიღებ, მაგრამ, უფულობის გამო, ვერასდროს შევწამლე და რასაც ისხამდა, ვერც იმას ვყიდი, ვის უნდა?! სოციალური სააგენტოდან მოსულმა აგენტმა კი ჩვენი ოჯახის რეკლამა გააკეთა, ბევრი შემოსავალი აქვსო. მანამდე როგორ მქონდა დახმარება, თუ 2007 წლის შემდეგ გავმდიდრდი? უბრალოდ, უნდოდათ და გამიუქმეს. ერთ წელიწადში რა შეიცვალა ჩემს ოჯახში ისეთი, რომ 57 ათასი ქულა უცებ 114 ათასი გახდა? ასე უცებ რამ გამამდიდრა? _ ამბობს ირაკლი ბოლქვაძე და ჟურნალისტებისგან დახმარებას ითხოვს, რომ, როგორც თავად ამბობს, უსამართლოდ შეჩერებული სოციალური დახმარება, 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით აუნაზღაურონ.
ჩვენ დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრს, სადაც ირაკლი ბოლქვაძესთან დაკავშირებით გვითხრეს: _ ამ მოქალაქის მიმართ სააგენტოს გატარებული აქვს ღონისძიება, გასცეს პასუხი, რომ მაღალი ქულების გამო არ დაენიშნა დახმარება. მას შეუძლია, სოციალური მომსახურების ოზურგეთის განყოფილებას მიმართოს და თუ რაიმე უნდა, კვლავ მოუსმენენ, დაეხმარებიან კანონის ფარგლებში.