დამოუკიდებელი მედისთვის დახურული ეს შეხვედრა მთელი საქართველოს ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, ტელეკომპანია “რუსთავი 2” უზრუნველყოფდა.
როგორც გავიგეთ, დიდი ხანი არკვევდნენ შემდეგ ამ “რიგითი გურულის” ვინაობას, მაგრამ იქ დამსწრე საზოგადოებამ “წინასწარმეტყველი” არ გათქვა.
ჩვენი წყაროები ამბობენ იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში” ნაციონალურმა მოძრაობამ” 18 მილიონი დახარჯა.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილ გურიაში, წინასაარჩევნო ორ თვეში, იმდენი კონცერტი და ღონისძიება მოეწყო, გურულები ხუმრობდნენ, “მგონი, ლასკალაში გადაგვასახლეს და ვერ გევიგეთო…”
გურულების გამძაფრებული პოლიტიკური ჟინის (რაც მათ ყველა რეგიონისგან გამოარჩევდათ) ჩაკვლას, ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ, მაგრამ “ბახვის მანიფესტის” ისტორიის მქონე მხარეში, ყველა მეთოდს გურულმა გენმა აჯობა.
“გურია ნიუსის” დაზუსტებული ინფორმაციით, ბოლო მომენტში, კენჭისყრის დღეს, არჩევნების გაყალბებაზე უარი თქვეს თავად “ნაცმოძრაობის” კოორდინატებმაც. ბათილი ბიულეტენების დიდი ოდენობა კი იმას ნიშნავდა, რომ ბევრმა, ვისაც 5-იან შემოხაზული ბიულეტენი გაატანეს, კაბინაში ყველა გადახაზა.
განსაკუთრებული “ყურადღების” ქვეშ ოზურგეთის რაიონი აღმოჩნდა. რამაზ ნიკოლაიშვილის “სპორტულ ინტერესს” _ გამანადგურებელი უპირატესობით მოეგო თავისი კონკურენტისთვის, ზვიად კვაჭანტირაძისთვის, “ნაცმოძრაობის” ოზურგეთის ოფისის თანამშრომლების ნერვებიც ხშირად ეწირებოდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, რომელიც თავად მუშაობდა ამ შტაბში, იმდენად მძიმე სამუშაო გარემო იყო ( ძალიან ხშირად მუშტების ბრახუნის თნხლებით), რომ “ნაცმოძრაობის” შტაბის ადგილობრივ წევრებს, გარდა გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორისა, მმართველი პარტიისა და მისი მაჟორიტარისთვის ხმა არ მიუციათ.
არც “იდეების ბანკის” პრეზენტაცია იყო შემთხვევითი. ეს ინიციატივა სწორედ რამაზ ნიკოლიშვილს ეკუთვნოდა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი, ოზურგეთელ საზოგადო მოღვაწეებს, ექიმებსა და ბიზნესმენებს, რამდენიმე დღის განმავალობაში შეუსვენებლად ამუშავებდა ამ იდეების “ჩამოსაყრელად”. საბოლოო ჯამში, არც ამ იდეამ ივარგა და გურულებმა, არჩევნების დღეს, “იდეების ბანკი” გაკოტრებულად გამოაცხადეს.
გურულები ვერც “ვერის უბნის მელოდიებით” და მშვენიერი სოფო ნიჟარაძით მოხიბლეს. წინასაარჩევნო 2 თვე არ აღმოჩნდა საკმარისი იმის გასაგებად, გურულებს რომ “რემიქსები” არ უყვართ.
ბერა ივანიშვილის კონცერტის საპირწონედ ჩატარებული “წყლის ფესტივალი”, უწყლობით გამწარებულმა გურულებმა პირად შეურაცხყოფად მიიღეს და პროტესტის ნიშნად, არ დაესწრნენ.
ამიტომ, ღონისძიებას, ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ამავე კომპანიის ორგანიზატორობით, თეატრის წინ, ჯგუფ “ბანდეროლის” კონცერტი გამართა.
კონცერტი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოზურგეთელ მსახიობს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია “გურიას” წამყვანს, გიორგი დოლიძეს ხელის აწევით (ხუთი თითის კომბინაციით), ხუთიანების ფონზე მიჰყავდა. ამ ყველაფერს კი ორგანიზატორობას რამაზ ნიკოლაიშვილის მედია ცენტრი უწევდა ჯილდა მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.
ერთი სიტყვით, გურულებმა უპირატესობა “ქართულ ხმებს” მიანიჭეს. საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების მხრიდან გურიის შეყვარების ორთვიან ისტორიას, საპასუხო გრძნობა არ მოჰყოლია.
_ მეწყერმა და წყალდიდობამ რომ წაგვიღო, სახლები თავზე რომ გვენგრეოდა და შიმშილით რომ ვკვდებოდით, მაშინ რეიზა არ გიყვარდითო, _ იკითხეს გურულებმა და ერთ-ერთმა მათგანმა საარჩევნო ყუთში, ბიულეტენის ნაცვლად, წერილი ჩააგდო: “იზვინი, მოი სააკაშვილი, ჟივუ პოდ ოტკრიტიმ ნებომ…”
ამ წერილის ავტორი, პირველად ბახვში ვნახეთ, სააკაშვილთან შეხვედრა უნდოდა 5 ობლის ამარა დარჩენილ მოხუცს, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა. სააკაშვილთან შეხვედრა დახურული იყო მედიისთვისაც, მაგრამ ასევე “ერთი რიგითი” გურულის წყალობით, ჩვენმა ჯგუფმა მაინც შეძლო ამ ვიზიტის დეტალურად გაშუქება. სცენა, სადაც სააკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო, ამ ადამიანის და მისი მეზობლის სახლის წინ იყო. მიუხედავად ჭიშკრის წინ მდგარი პოლიციელებისა, რომლებიც ყველა გამსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებდნენ, ამ ადამიანმა ღობე-ღობე და თხილნარ-თხილნარ, მაინც მოახერხა ჩვენი “აკრძალულ ზონაში” შეყვანა. მერე, მეზობლის სახლში ფანჯრიდან გადაძრომაში მოგვეხმარა და ასე შევძელით დახურული შეხვედრის ყველაზე საინტერესო დეტალების ჩვენს მკითხველამდე მიტანა. ეს კაციც “ერთი რიგითი” ბახველი იყო, მეტსახელად” სვანი”. ოჯახში, სადაც ჩვენმა მეგზურმა მიგვიყვანა, ერთი ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა შვილთან და შვილიშვილთან ერთად. დაუპატიჟებელი სტუმრების ვერგამასპინძლებით შეწუხებულმა ქალბატონმა ასე მოგვიბოდიშა: _ მაპატიეთ, ნენა, მარტო კვახე პამიდორი მაქ და თხილი, ვიფიქრე თხილს დავნაყავ და პამიდორში ავზილავ, ბაღანა მშიერი რომ არ დამრჩეს…
სახლში შემოსულ პოლიციელებს მან ჩვენი თავი სოფლიდან ჩამოსულ დისშვილებად გააცნო. სწორედ ასეთი “რიგითი” გურულების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების წყალობით ვახერხებდით ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო მასალების მიწოდებას. საბოლოო ჯამში, არჩევნების ბედიც სწორედ ასეთმა “რიგითმა” გურულებმა გადაწყვიტეს… ტაშფანდურში გადახდილი მილიონები კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.
მამა ბესარიონი, რამაზ ნიკოლაიშვილი,
გიორგი აბაშიძე, ლელა თავართქილაძე და პაატა მანჯგალაძე
წყლის ფესტივალი ოზურგეთში
კონცერტის წამყვანის მუდმივი მდომარეობა _
მაღლა აწეული, გაშლილი ხუთი თითი
“ვერის უბნის მელოდიები”