მერმა დღევანდელი გადაწყვეტილება ”ყოველგვარი ეჭვის გაფანტვის მცდელობად ”ახსნა. საბოლოოდ ირკვევა, რომ გიგი უგულავა უსაფრთხოების სამსახურს მერიის ობიექტების, ქალაქის პარკების და სკვერების ასევე საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის დასაცავად ქმნის.
მერის დღევანდელ ბრძანებაში, რომელიც ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ცვლილება 9 ოქტომბრის ბრძანებაში შევიდა, თუმცა 9 ოქტომბრის ბრძანება დღეს არც მერიის და არც ”საკანონმდებლო მაცნის” ვებ-გვერდებზე აღარ იძებნება.
9 ოქტომბერს ”საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით კი უგულავა დამოუკიდებელ პოლიციას ქმნიდა, რომელსაც შეეძლო მასში შემავალი განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება, თბილისის მერიის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოსამსახურეების მომზადებისა და სწავლების პროგრამების შემუშავება, საცნობარო მასალის შეგროვება, ბაღებში, სკვერებში, პარკებში, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებში არეულობის ან სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით სწრაფი რეაგირების მოხდენა, ასევე მერის, მისი მოადგილეების, მერიის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დელეგირებული ფუნქციების განხორციელება.
დაცვის პოლიციის თანამშრომელთა დღევანდელმა მასობრივმა პროტესტმა უგულავას ჩანაფიქრი გამოააშკარავა _ ქალაქის მერი ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს დაცვის პოლიციიდან ექაჩება. როგორც პოლიციელები აცხადებენ, მათთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და ახლად შექმნილ სამსახურში გადასვლა შესთავაზეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებს უთხრეს, რომ მათი სამსახური უქმდება და ქუჩაში დარჩებიან, თუ ახალ შეთავაზებაზე უარს იტყვიან.
დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ძირითად საქმიანობას იურიდიული და ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაცვის პოლიციის მიერ დაცული ობიექტების რაოდენობამ 8 385 შეადგინა.
2011 წელს, დაცვის პოლიციაში განახლდა ავტოპარკი, გარემონტდა პოლიციის ოფისები, შეიძინეს სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა. მხოლოდ დედაქალაქში დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების 21 ჯგუფი მოქმედებს.
პოლიცია იცავს აეროპორტებს, მუზეუმებს, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებს, კომერციულ სტრუქტურებს, სარკინიგზო მაგისტრალებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საწარმოებს, წყლის რეზერვუარებს და ა. შ.
2011 წლიდან დაცვის პოლიციამ პარკების და სკვერების დასაცავად ახალი პროექტი _ ”უსაფრთხო სკვერები”, განახორციელა, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზეც გაპიარდა. პარკებსა და სკვერებში ვიდეო კამერების დამონტაჟება მილიონობით ლარი დაჯდა. დღეს კი ირკვევა რომ დედაქალაქის სკვერები უკეთეს დაცვას იმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ დაცვის პოლიცია საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ორგანიზაციაა. 2010 წლის მონაცემებით მხოლოდ პირადი დაცვის სერვისიდან წლიური შემოსავალი 5 მილიონი იყო, საპოლიციო დაცვით 60 მილიონი, დაცვა -გაცილებით მიღებული შემოსავალი 2,5 მილიონი, ხოლო ტექნიკური დაცვიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 7-8 მილიონი. 2010 წელს დაცვის პოლიციამ სულ 78 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.
დღეს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ნაწილმა ქალაქის მერის შეთავაზება არ მიიღო. მათ სამოქალაქო სამსახური არ ხიბლავთ. ზოგ მათგანს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან საცხოვრებელი ბინა აქვს მიღებული და შიშობს რომ სამოქალაქო სამსახურში გადასვლის შემდეგ მას დაკარგავს.