მისი განცხადებით, ეს იმის გამო მოხდა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
_ წელს, სოფელ ბახვში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. მასთან შეხვედრა მინდოდა, რადგან მსურდა, მეთქვა, რომ მაქვს ორი უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული და უმუშევარი ვიყავი. ისიც მინდოდა მეთქვა, რა განუკითხაობაა ოზურგეთში, ვინც მაღალ თანამდებობაზე არიან, მათი ახლობლები და ნათესავები არიან დანიშნულები სხვადასხვა თანამდებობაზე, _ გვითხრა ნინო ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა ვერ მოახერხა, რადგან გურიის გუბერნატორით დაწყებული, დამთავრებული სოფლის რწმუნებულით, ყველა ცდილობდა, რომ იგი არ მისულიყო მიხეილ სააკაშვილთან: _ გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ მთხოვეს, რომ არაფერი მეთქვა სააკაშვილისთვის და აუცილებლად დამაწყებინებდნენ მუშაობას. მართლაც ასე მოხდა, აგვისტოსა და სექტემბერში სოფლის მეურნეობის განვითარების და დასაქმების ხელშემწყობ ცენტრში დამასაქმეს. ქვედა ბახვში, ბახვში და მშვიდობაურში დავიწყე ჩხავერის ვენახის აღწერა და ასევე ვაკეთებდი საქმეს, რასაც ამავე ცენტრის უფროსი გიგა ხარაბაძე დამავალებდა. რადგან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ არ ვიმუშავე და მხარს ვუჭერდი “ქართულ ოცნებას”, ამის გამო, აღარ გამიგრძელა ხელშეკრულება ალეკო მამეშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, _ გვითხრა ნინო ჯიშკარიანმა.
გიგა ხარაბაძის თქმით, ხელშეკრულება ოქტომბრის თვიდან სამი ადამიანისთვის არ გაუგრძელებიათ, მათ შორის იყო ნინო ჯიშკარიანი: _ იმის გამო მოხდა ეს, რომ ბიუჯეტი არ მაძლევდა საშუალებას, თვითონ საქმის კურსში იყო, მას 1 ოქტომბრამდე უნდა ემუშავა და ამის შესახებ იცოდა. ჩვენი ბიუჯეტი დამოკიდებულია ადგილობრივ თვითმმართველობაზე, საშუალება თუ იქნება, აუცილებლად გავუგრძელებთ, მაგრამ ამ ეტაპზე საშუალება არ არის. აქ არანაირი პოლიტიკური მოტივაცია არ იყო. მე მას რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი გააკეთა. თუმცა, თუ საშუალება არ მექნება, რა ვქნა? _ გვითხრა გიგა ხარაბაძემ.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ ის არავის უზღუდავდა პრეზიდენტთან მისვლას და არც მას დაუსაქმებია ნინო ჯიშკარიანი: _ ყველას აქვს უფლება მივიდეს პრეზიდენტთან, არავინ არ უზღუდავს მისვლას. ეგ ადამიანი ჩემთან არ მუშაობს და აქედან გამომდინარე, ვერანაირად გაგცემთ პასუხს, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ვალერი ჩიტაიშვილმა.
ფაქტი კი ერთია, რომ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბახვში სტუმრობისას ნინო ჯიშკარიანი აქტიურად ცდილობდა მასთან შეხვედრას, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა, ის მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ ჩანდა.