დაჭრილია ერთი ქალბატონი, რომელსაც სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. დაჭრილი მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ინციდენტია ლენჯერში _ დაახლოებით 5 დღის წინ, შუკვანების ეზოში უცნობმა პირმა ავტომატის ჯერით ისროლა. დღეს კი, დაახლოებით 1 საათის წინ გულედანების სახლის ფანჯარას უცნობმა ავტომატის ჯერი დაახალა. ჩვენი ინფორმაციით, ოთახში ამ დროს ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა მესტიის გამგებელ ილია ჯაფარიძეს, რომელიც აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფება პოლიცია, თუმცა, არც სამართალდამცავებს და არც ოჯახს ამ დრომდე არანაირი ვერსია არა აქვთ: “ამ დროისათვის პოლიციას არანაირი ვერსია არ აქვს. მე ვესაუბრე ოჯახს, ხალხს, პანიკა არ არის, მაგრამ გაურკვევლობაა, რადგან არ იციან, ვინ უნდა ჰყოლოდა ამ ოჯახს მტერი. რაც შეეხება დაზარალებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” _ აცხადებს გამგებელი “გურია ნიუსთან” საუბარში.
ილია ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის გაუხსნელია პირველი შემთხვევაც, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო. მომხდარს ის ადგილობრივი პოლიციის უუნარობას და უმოქმედობას უკავშირებს: “აქამდე ისინი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და რასაც ჰქვია ოპერატიული მუშაობა, ნულზეა დასული. მესტიაში პოლიცია, კუდ-ი დაკავებული იყო მხოლოდ “ქართული ოცნების” შევიწროებით, როგორ დაეპატიმრებინათ, დაეშინებინათ და როგორ მოეხსნათ სოციალური დახმარებები”, _ აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე “გურია ნიუსთან” საუბარში.