მათ შორის, გუბერნატორმაც და ვიცეგუბერნატორმაც, რომლებიც წინასაარჩევნოდ შვებულებაში იყვნენ გასულები და რამაზ ნიკოლაიშვილს საარჩევნო კამპანიის სამსახურში ხარჯავდნენ თავიანთ გამოცდილებას და ენერგიას.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის პრემიამ 2 950 ლარი შეადგინა, ვიცეგუბერნატორის, ლელა თავართქილაძის პრემია 2 250 ლარია, გუბერნატორის მოადგილის, თამაზ მახარაძის კი _ 2 360.
და ეს ხდება მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების გაცემა შეჩერებულია. ხალხის ყოფაზე “მზრუნველი” ჩინოვნიკების 21-კაციანი სიიდან ბევრი წინასაარჩევნო შვებულებაში იყო და ტრადიციისამებრ, არჩევნების დასრულებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მაჟორიტარების სამსახურში იყვნენ. ასევე, თავდაუზოგავად დარბოდნენ ისინი მოსახლეობაში აგიტაცია-პროპაგანდის ჩასატარებლად, ზოგჯერ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ბროშურებსაც დაატარებდნენ…
ალბათ, ამ გრძელი ჩამონათვალის “პირნათლად” შესრულებისთვის ეწერება გურიის გუბერნატორს ყოველწლიურად იმდენივე პრემია, რამდენიც ხელფასი. არანაკლები “დამსახურებები” მიუძღვის მის ხელქვეითებს.
პრემიების დიდი ნაწილი იმ თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებიც წინასაარჩევნოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და აქტიურობდნენ. ესენია: მარიამ დიდმანიძე, თინათინ სარიშვილი, ანა ჩუბინიძე, მედეა მჟავანაძე, გურამ შარაშენიძე, ნათია ცეცხლაძე, ლია ღლონტი…
მათი უმეტესობა 4 სექტემბერს გავიდა შვებულებაში. მათ შორის იყო მზია წერეთელიც, რომელიც რამაზ ნიკოლაიშვილის შტაბში მუშაობდა, მაგრამ რატომღაც, 21 პრემიადარიგებულ შორის არ მოხვდა.
პრემიები გუბერნიის თანამშრომლებმა წინასაარჩევნოდაც მიიღეს. ახლა, სავარაუდოდ, ისინი არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის დაასაჩუქრეს.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე სექტემბერში შვებულებაში იმყოფებოდნენ და რამაზ ნიკოლაიშვილის საარჩევნო პიარ-კამპანიაში იყვნენ ჩართულები.
რა დამსახურებისთვის მიიღეს პრემიები, თავადაც არ იციან.
_ აი, ხომ იცით კანონები, როგორ და რისთვის ხდება პრემიების გაცემა? იმის მიხედვით მოხდა ყველაფერი, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.
ლელა თავართქილაძე ამბობს, რომ ზოგადად, პრემიის გაცემა, გუბერნატორის პრეროგატივაა: _ რამდენიმე ადამიანმა ოქტომბრის თვეში მივიღეთ პრემია, ეს შემიძლია ვთქვა მხოლოდ.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მამია ბარამიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ პრემია დამსახურებულად მიიღო. მას პრემია აგვისტოშიც ერგო:
_ ალბათ, იმ დამსახურებების გამო მივიღე პრემია, რაც დავალება შვებულებამდე შევასრულე.
_ რა გააკეთეთ?
_ შევასრულე სხვადასხვა დავალებები, რასაც ჩემი ხელმძღვანელობა მაძლევდა.
_ თქვენ აგვისტოშიც მიიღეთ პრემია. რისთვის?
_ ის, ალბათ წინა დამსახურებისთვის.
_ კონკრეტულად, რა დავალებები შეასრულეთ?
_ ეს ძალიან ბევრია, შესრულებული საქმიანობისთვის მივიღე პრემიები, _ თქვა მამია ბარამიძემ.
კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, მარინე სუნგულია ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა სოციალური პროგრამები შეწყვეტილია და უამრავი სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანი უსასოო მდგომარეობაში იმყოფება, პრემიების დარიგება საკუთარი თავისთვის, რბილად რომ ვთქვათ, უზნეობაა: _ ლოგიკურად ისმის კითხვა: როცა აგვისტოში შვებულებაში გადიოდნენ და მაშინაც დაირიგეს პრემიები, ალბათ, ეს წამახალისებელი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ თავდადებით ემუშავათ არჩევნებში “ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისთვის? გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლების დიდი ნაწილი სწორედ ამ საქმით იყვნენ დაკავებულები.
ახლა ისმის კითხვა _ დამარცხებულებისთვის პრემიები რაღაზე დარიგდა? ვფიქრობ, ეს ემსახურება “ნაცმოძრაობის“ გუნდის გარკვეულ დონემდე შენარჩუნებას, სანამ შესაძლებელი იქნება. ეს ამბავი მაგონებს ჩიტი-ჩიორას ზღაპრის ამბავს, როცა დედა ჩიტი თავისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ხესთან მოსულ მონადირეს თითო ბარტყს უგდებს ხიდან და მანამ არ ემუქრება საშიშროება, სანამ ბარტყი ჰყავს. ნაციონალები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ბარტყი შეინარჩუნონ გუნდში.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისინი ამ საქციელით საზოგადოების გაღიზიანებას ცდილობდნენ, რაც პარლამენტის სხდომებზეც აშკარად შეიმჩნევა, რომ საზოგადოებამ ისინი იძულების წესით გამოყაროს კაბინეტებიდან და დევნილების მანტიები მოისხან, _ თქვა მარინე სუნგულიამ ჩვენთან საუბრის დროს.