2011 წლის 3 მაისსს და 15 ივნისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მესტიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. პირველ ტენდერში გამარჯვებულად „ენგური 2006“ და შპს „დაგი“ დასახელდა , ხოლო მეორე ტენდერი შპს „ენგური 2006-მა“ და შპს „ნიუ ენერჯიმ“ მოიგეს. საერთო სატენდერო თანხამ შეადგინა 17, 396 607 ლარი. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ შპს „ენგური 2006-ის“ 50% წილის მფლობელი მესტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანია.
წყლის კომპანიამ წყალმომარაგების ნაგებობის ასაშენებლად მიწის შესყიდვა დაიწყო და მესტიაში მცხოვრებ 27 მესაკუთრეს 1კვ.მ-ზე 3.60 – 4 ლარი კომპენსაცია შესთავაზა. მოსახლეობა ამ პირობებს არ დაეთანხმა, თუმცა, როგორც მესაკუთრეები აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებულები გახდნენ კაბალურ პირობებს დათანხმებოდნენ.
მესტიის ასაფრენი ბილიკის გაფართოება მაისის თვეში დაიწყო. მშენებლობის დაწყებამდე მესტიის იმჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ კვიციანი მიწის მესაკუთრეებს შეხვდა და დაპირდა, რომ 1 კვ.მ-ზე 10 ლარს გადაუხდიდა. ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მისულ მესაკუთრეებს საკომპენსაციო თანხა 3.60 ლარამდე შემცირებული დახვდათ, რის გამოც რამდენიმე მათგანმა ხელის მოწერაზე უარი თქვა.
ასაფრენი ბილიკის გასაფართოებელი სამუშაოები მაინც დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს მათ შორის იმ 16 მესაკუთრის მიწაზეც, რომლებმაც მშენებელ კომპანიას საკუთრება არ დაუთმეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, სხვა სამართალდამცავ ორგანოებს და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, უზრუნველყონ ადგილობრივი მესაკუთრეების უფლებების დაცვა და სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული საქმე. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შეისწავლოს შპს ენგური 2006-ის, შპს დაგი-ს და შპს ნიუ ენერჯის მიერ მოგებული ტენდერები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს ჩვენს ხელთ არსებული მასალები.“-ნათქვამია განცხადებაში რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.