შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანეტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს. მხარეებმა 2014 წლის შემდეგ, პოსტ-ISAF-ის პერიოდში ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების საკითხები განიხილეს.
„ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ნატო-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში – თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება. ცალკეული ქვეყნები – აშშ, ინგლისი და სხვები როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან. ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკვე ჩვენს სტრატეგიას – თუ რა ფორმით და ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო, ჩვენი ამოცანა იქნება – დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებს და ჯარს და გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა. ჩვენ ასევე, ვთავაზობთ მათ ჩვენს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში განათლების მიღების შესაძლებლობას“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრთან გამართული შეხვედრა და ქართულ მხარეს დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებმა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ რა რეფორმებს ატარებს საქართველოს თავდაცვის უწყება. დამოუკიდებელი, არაპოლიტიზირებული სამხედრო მოსამსახურე – საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“ – აღნიშნა ტენ ბრუკმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტენ ბრუკი შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრები ასევე, დაგეგმილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს.
ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ტენ ბრუკის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 10 იანვარს დასრულდება.