საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მთავრობის მხრიდან ხალხზე ზრუნვის ფსევდო აქციაა, რადგან საბაზრო ურთიერთობებისთვის უფასო არაფერია.
” ახალი მემარჯვენე” ლევან კალანდაძე მთავრობის ახალ ინიციატივას სოციალისტურ-მარქსისტულ-ნაროდნიკულ იდეას უწოდებს. საკუთარი მოსაზრება მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
“როცა საუბრობენ ყველასთვის “უფასო” მშობიარობაზე, მინდა ჯანდაცვის სამინისტროს და, ზოგადად, მთავრობას შევახსენო, რომ საბაზრო ურთიერთობებისათვის ცნება _ “უფასო” არ არსებობს და რაც პირობითად ითვლება “უფასოდ”, ის ყოველთვის ბიუჯეტის, ანუ ჩვენი, გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება…
ვფიქრობ, მეხსიერება ყველას კარგი გვაქვს და გვახსოვს, არც თუ შორეულ წარსულში არსებული ე.წ. “უფასო” სამედიცინო მომსახურება და მათ შორის, “უფასო” მშობიარობაც. და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რა შედეგები მოუტანა ამ “საყოველთაო თანასწორობის” აშკარად სოციალისტურმა პრინციპმა და ფსევდო “უფასო” მედიცინამ როგორც ქვეყანას, ასევე საზოგადოებას _ ყოვლად უხარისხო სამედიცინო სერვისი, მოშლილი და მთლიანად ამორტიზებული ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორი და, რაც მთავარია, ტოტალური კორუფცია და დაუფარავად წახალისებული აღებ-მიცემობა სამედიცინო სფეროში…
და კიდევ ერთი საკითხი _ საყოველთაო და “უფასო” მშობიარობა ნიშნავს, რომ ამ ე.წ. “უფასო” პრინციპით ისარგებლებს მოსახლეობის როგორც უმწეო, ასევე შეძლებული ნაწილი. ანუ რა გამოდის _ ბიუჯეტმა და შესაბამისად ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა უნდა დავფაროთ ყველა ეს ხარჯი, როგორც უმწეო მოქალაქეების მშობიარობის, ასევე შეძლებული მოქალაქეების მშობიარობის შემთხვევაშიც?!
უკაცრავად, ბატონო მთავრობის ეკონომიკური და სოციალური გუნდის წარმომადგენლებო! რატომ უნდა ვიხადოთ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა ჩვენი ჯიბიდან ფული შეძლებული, ანუ იმ მოქალაქეების მკურნალობის და მათ შორის, მშობიარობის ხარჯების დასაფარად, ვისაც თავად გააჩნია საკმარისი შემოსავლები და შესაბამისი შესაძლებლობა ამ ხარჯების დასაფარად?!
თუ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალისტურ-მარქსისტულ-ნაროდნიკული იდეებით და ქრონიკული statism-ით შეპყრობილი მთავრობის ხალხზე ზრუნვის ფსევდო კამპანია პიარულად კარგად “შეფუთული” იყოს?!
მაპატიეთ ბატონებო, მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა საბიუჯეტო თანხების, ანუ ჩვენი, გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხების არაეფექტური, არარაციონალური და უყაირათო ხარჯვის პოლიტიკის გაგრძელება…” _ წერს ლევან კალანდაძე.