ეს ინფორმაცია “გურია ნიუსთან” კორიფაძემაც დაადასტურა. იგი ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეა და როგორც თავად ამბობს, არსად წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, სულ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წევრი, თამაზ ჯინჭარაძე დაინიშნა.
კორიფაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დაკეტილი ოფისი მალე გაიღება და პარტია, სხვა პოლიტიკური ძალების მსგავსად, მუშაობას გააგრძელებს.
კორიფაძე, რომელმაც რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ იყო:
_ ბატონო დიმიტრი, სულ ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდით, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ იყავით და არც აპირებდით წევრობას. ახლა რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?
_ ახლა “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ.
_ ჩოხატაურელები მრავალი პარტიის გამოცვლის გამო, “ყვარყვარეს” გეძახიან… როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ გაგიჭირდებათ?
_ არ მგონია, ჩოხატაურში “ყვარყვარეს” მეძახდნენ. ვფიქრობ, ეს თქვენი შეფასება უფროა. ყოველ შემთხვევაში, ვინც მე მიცნობს, მასეთ რამეს არ იტყვის.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ პარტია მუშაობას გააგრძელებს, _ აღნიშნა კორიფაძემ.