რას ფიქრობს ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და არის თუ არა ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათლი-მირონი, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ედიშერ თოლორაიას ესაუბრა.
_ ბატონო ედიშერ, თქვენს დანიშვნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაპირისპირება მოჰყვა (კითხვს დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)
_ მოდით, დავიწყოთ ასე, დღევანდელი თანამდებობა ჩვემთვის ლანგარით არავის მოურთმევია. გუბერნიაში ზაზა გოროზიას დროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობდი. მისაბიშვილის გუბერნატორობის დროს გავთავისუფლდი. ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ოპოზიციაში გადავედი. შეიძლება ჩემს მიმართ რაღაცის განხორციელება უნდოდათ, მაგრამ ვერ განახორციელეს.
_ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, თქვენი ოჯახის ნათლი-მირონია და სწორედ ამიტომ მოხვდით თანამდებობაზე.
_ მე ბიძინა ივანიშვილის ნათლი-მირონი არ ვარ. ოჯახის ერთ-ერთი წევრია ჩემო ოჯახის ნათლია. მერე რაა?!
_ “ოჯახის ერთ-ერთ წევრში” ვის გულისხმობთ?
_ დისშვილს. ჩემი შვილის ნათლიაა და საერთოდ, ოჯახებით მეგობრობა რომ გაგვაჩნია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო თანამდებობაზე დავინიშნე. რა, მინისტრები ვინც დაინიშნა ყველა ოჯახის წევრი იყო? რა თქმა უნდა არა! მე თანამდებობაზე ნათესაური კავშირით არ მოვსულვარ! თუ ასეა, სახლში დავჯდებოდი მშვიდად, ხელს არ გავანძრევდი, ამდენ ზეწოლას, ნერვების შლას, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ ავიტანდი. მშვიდად ვიქნებოდი მოსკოვში, ან თბილისში. მოვიდოდა ეს დღე და ასეთი ნათესაური კავშირით სამსახურის გარეშე არ დავრჩებოდი. მე გამაჩნდა იმის კაცობა, რომ სხვის სახელს არ მივჯაჭვულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სესხიც მქონდა აღებული და სამსახურის ხელფასით ვიხდიდი, ყველაფერს ხაზი გადაუსვი. მარტის თვეში გამათავისუფლეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ 34 წლის ვარ. სადღაც 21 წლიდან პოლიტიკაში ვარ ჩართული. როდესაც საქართველოში 1998 წლიდან თვითმმართველობა დაინერგა, პირველი თვითმმართველობის წევრი ვარ, პარტიული გამოცდილება კი შეიძლება ვიღაცეებზე უკეთესი მქონდეს.
_ იყო საუბარი, რომ თქვენ “აღორძინებაში” იყავით და თენგიზ ჯგუშიას მეგობარი ხართ, რომელიც “აღორძინების” სიით იყო საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი.
_ მე ამას არ უარვყოფ და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიყავი. ამბიციების გამო მე არ წამოვსულვარ. სადაც ვიყავი, ბოლომდე ვიყავი. მოხდა რევოლუცია. მორჩა ეს თემა. მაშინ მორჩა ყველაფერი. საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თანამდებობიდან გადადგა ჩემი ხელმძღვანელი, აწგანსვენებული, ტარიელ ქანთარია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის გამგეობაში ერთ-ერთ დიდ პოზიციაზე ვიყავი და მოადგილის მოვალეობას ვასრულებდი, იმ დღესვე გადავდექი. აქციები არ მომიწყვია. შემდეგ, ბიზნესს მოვკიდე ხელი. არ არის ისე, თითქოს უთხრეს, თოლორაია ნათესავიაო და პირდაპირ დამსვეს.
_ ასევე საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას შესახებ. თითქოს ის ლობირებდა თქვენს დანიშვნას, რომელიც ასევე თქვენი ოჯახის ნათლი- მირონია.
_ მერე რა. კონჯარია თუ არის ოჯახის ნათესავი, ამის გამო კონჯარია გადამდგარიყო ან მე ფარხმალი დამეყარა და სახლში წავსულიყავი?! თუ ვინმეს ეს არ მოეწონა – ეს მხოლოდ ერთ ადამიანს გიორგი ალასანიას არ მოეწონა. თქვენ, სადმე გაიგეთ ედიშერ თოლორაიამ აქცია მოაწყო, ან შტურმით აიღო შენობა?! მე რა, კონტროლის პალატა შემოვუშვი, ან ფინასური პოლიცია?! ვინმეზე ზეწოლა მოვახდინე?! მე თუ მოვახდინე ვინმეზე ზეწოლა და აქ ისე მოვხდი, დაასახელოს ჩემმა წინამორბედმა, ან თქვას პირდაპირ. ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა. ჯერ გამგებლის მოადგილედ დავინიშნე და შემდეგ, გამგებელი რომ გადადგა, პირდაპირ შევუდექი გამგებლის მოვალეობის შესრულებას. მე კანონს არ ვარღვევ.
_ გქონდათ თუ არა მოლაპარაკება, ალესანდრე ქობალიასთან უხმაუროდ დაეტოვებინა გამგებლის პოსტი და ზუგდიდში არ მომხდარიყო მარტვილის, ან აბაშის სცენარის გამეორება?
_ იცით რას გეტყვით, ალბათ ალესანდრე ქობალიამაც კარგად გათვალა. მე მივესალმები მის გადაწყვეტილებას. იმიტომ კი არა, რომ ედიშერ თოლორაის დაუთმო, ან ლანგარით მიართვა ეს სკამი. როგორც არ იყო ალიკას საკუთრება, არც ედიშერის საკუთრება იქნება ეს სკამი. ამ ოთახში, ჩემი კეისის, სამუშაო ბლოკნოტის, კალმის და 2 ტელეფონის გარდა, ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არის. აქ შემოსვლის დროს, ყველა თანამშრომელს წინასწარ გადაუხადე მადლობა თანამშრომლობისთვის. ასევე მოვიხდი ბოდიშს ზუგდიდის საზოგადოებას წინაშე, თუ ვერ გავაკეთებ იმას, რასაც დავპირდი და რისი გაკეთებაც მინდოდა. ამის სინდისიც მყოფნის და ნამუსიც. ავდგები და წავალ.
_ თქვენი დანიშვნის გარდა, გიორგი ალასანიამ ზუგდიდის გამგებელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, გიზო სართანიას დანიშვნაც გააპროტესტა, რომელიც, თქვენ დანიშნეთ თანამდებობაზე.
_ კი, ჩემი დანიშნულია, აბა ვის უნდა დაენიშნა?! დღემდე არსებობს კოალიცია “ქართული ოცნება.” გავითვალისწინე, შეუთანხმე ოფისსაც. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და არ დამირღვევია კოალიციის არანაირი პრინციპი. ერთ-ერთი მოადგილე არის მერაბ ქვარაია, რომელიც იყო შტაბის ხელმძღვანელი. მე-2 მოადგილე არის, რეგიონის “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, გიორგი თოდუა, მე-3 მოადგილე არის “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი კი არა ერთ-ერთი ლიდერი, გიზო სართანია.
_ რატომ დაგიპირისპირდათ გიორგი ალასანია (ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი)?
_ იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობლობა.
_ გიორგი ალასანიამ განაცხადა, რომ თქვენ გიზო სართანიას დედამ, ლალი ანთიამ შეგაშინათ, რომელიც აქციების მოწყობით არის სახელგანთქმული.
_ აპაპაააა! არ მინდა ისე გამოვიდეს, როგორც ფილმშია – მე ტანკისტი ვიყავი, მე არაფრის მეშინია. დამიჯერეთ, ჩემი ოჯახის წევრი ვერ ჩაერევა ჩემი სამსახურის საქმეებსა და განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში მამაჩემი საკამოდ ცნობილი ადამიანია და ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ვერავინ მომახვევს თავის აზრს. ძალიან კარგად ვხედავ, ვინ არის კარგი და ვინ როგორი იქნება. იმის გამო, რომ ჩემი ახლობელი, ან ოჯახის წევრი დავასაქმო, საქმის გაფუჭებას არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი კერძო ბიზნესი. კერძო ბიზნესში ვისაც მინდა იმას დავნიშნავ. თუ წავაგებ, ჩემია. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილებით ზუგდიდს და ზუგდიდელებს წაგებაზე არ წავიყვან. მნიშვნელობა არ აქვს, “ნაციონალი” იყო თუ არა, იგი თუ თავის საქმის პროფესიონალია, პარტიული ნიშნის გამო სამსახურიდან არავის გავათავისუფლებ!
_ გიზო სართანია და გიორგი ალასანია პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები არიან. მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თუ იცის პარტიაში თანამდებობის გამო შიდა დაპირისპირების შესახებ?
_ მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმის კურსში არ ვარ. მე ვიცი ერთი რამ: პირდაპირ შევთავაზე “რესპუბლიკურ პარტიას”, თქვენ ვინ გინდათ? სურვილი გამოთქვა გიორგი თოდუამ. კოლიციის შტაბის უფროსი იყო ქვარაია, შევთავაზე და დავნიშნე.
_ გიორგი ალასანიას შესთავაზეთ თანამდებობა?
_ ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ პირადად მე ველაპარაკე. იყო საუბარი წამოსულიყო მოადგილედ. არანაირ თანამშრომლობაზე არ წამოვიდა. დღესაც არ მოდის. ასეთ სიტუაცუაში როგორ ვქნა?!
_ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თქვენს მიერ გამგეობიდან 84 თანამშრომელის დათხოვნასთან დაკავშირებით. რა იყო დათხოვნის მიზეზი?
_ ჰო, მარტო მე ვარ გამგეობაში თანამშრომელი. ნახეთ რომელიმე გათავისუფლებული ან ახალი დანიშნული? თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ დაწერეს განცხადება, მაგრამ არავინ გათავისუფლებულა.
_ სამგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორად პრეზიდენტმა, თენგიზ გუნავა დანიშნა. როგორი იქნება გამგებელის და გუბერნატორის თანამშრომლობა?
_ არ ვიცი. ვნახოთ.
_ საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ზუგდიდის რეზიდენციაში აპირებს სამუშაოდ გადმოსვლას.
_ ვნახოთ, როგორ იქნება. მე ჩემი საქმე ვიცი.
_ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, როგორ დაარეგულირებთ ურთიერთბას, მითუმეტეს საკრებულოში უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობიდან” არის წარმოდგენილი და თავმჯომარე ლევან კონჯარიაა.
_ რა ვიცი, მოვილაპარაკებთ ალბათ. ვის როგორ აწყობს, ან მე წავალ, ან კონჯარია (იცინის). პირველ რიგში მინდა გითხრათ, აქ კატა-თაგვობანას თამაშს არ ვაპირებთ. არც მე და არც კონჯარია არ დაუშვებს ამას. მე ლევან კონჯარიას გარეშე ვერაფერს გავაკეთებ, ასევე ლევან კონჯარია ჩემს გარეშე. ორი პიროვნების ახირებაზე მუნიციპალიტეტი ვერ იქნება.
_ ზუგდიდში კომპანია “სოკარმა” შემოიყვანა გაზი. როგორც ადგილობრივმა მოსახელობამ “გურია ნიუსს” განუცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში გაზის შეყვანის საშუალება არ აქვთ, რადგან 400 ლარამდე ჯდება. როგორ შეძლებთ დაეხმაროთ ზუგდიდელებს ამ პრობლემის მოგვარებაში?
_ გაზი ყველგან კერძო კომპანიას შეჰყავს. ეს არ ხდება სახელმწიფოს სუფსიდიებით. ჩემმა წინამორბედმა, შარშან შეიმუშავა პროგრამა, გარკვეული რაოდენობის ოჯახს, რომელიც სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური დაეხმარება. “სოკარის” ხელმძღვანელობასთან არაოფიციალური საუბარი მქონდა. ამ საკითხის დასმას ოფიციალურად მთავრობასთან ვაპირებ. ზუგდიდელების სახელით მინდა ვთხოვო მიიღონ მონაწილეობა, ან ნაწილობრივ დაფარონ ხარჯები. ვფიქრობ, ბიზნესის თვალსაზრისით, მათთვისაც წამგებიანია, მილი შეიყვანო, ამდენი ხარჯი ნახო და მომხმარებელი არ გყავდეს? თუ თანადგომა იქნება, გაზს ყველა ზუგდიდელი შეიყვანს, ყველა გადაიხდის.