სადამდე მივა ეს სიტუაცია, არავინ იცის. საზოგადოებაში კი აშკარად იკვეთება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველაფერი რაც ხდება, საკადრო ცვლილებებს და “პირველ სკამს” უკავშირდება, რომელზეც ორის დაჯდომა შეუძლებელია. ჩვენს საგაზეთო ინტერვიუში ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე შარაშენიძემ ღიად თქვა, _ ეს სკამი ერთია და კი ვზივარ მეო.” ასევე ღიად მიანიშნა რესპუბლიკელმა ტიფო მიქატაძემ, რომ მხოლოდ გურიის გუბერნატორის სკამს დათანხმდება.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა კოტე შარაშენიძემ და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, “რესპუბლიკელმა” მარინე სუნგულიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განთავსებულ, დეპუტატის ბიუროს ოთახში ხმამაღლა იკამათეს.
როგორც წყარო ამბობს, ეს კონფლიქტი ისევ და ისევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.
აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსი” დაინტერესდა და კომენტარისთვის ორივე მხარეს მიმართა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, “რესპუბლიკელი” მარინე სუნგულია „”ურია ნიუსთან” ინციდენტის ფაქტს არ უარყოფს.
_ ქალბატონო მარინე, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, რომ დაძაბული ურთიერთობაა თქვენსა და კოტე შარაშენიძეს შორის. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს? რამდენიმე დღის წინ, მოხდა თუ არა ინციდენტი თქვენსა და კოტე შარაშენიძეს შორის, რაც საკადრო ცვლილებებს ეხებოდა?
_გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, კოტესთვის საერთოდ ხმამაღალი საუბარი დამახასიათებელია. მას სჩვევია ასეთი ფორმით საუბარი, არ უარვყოფ, რომ მართლაც იყო ჩვენს შორის ხმამაღალი შელაპარაკება. ხმაც გამოვიდა გარეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ კოალიცია არ არის მარტო კოტე. კოალიციაში არიან დანარჩენი სხვა წევრებიც, რომლებთანაც არ მაქვს არანირი პრობლემა და ყველასთან ვარკვევ საერთო საქმეს. ესენი არიან: დავით დარჩია, კაკო სიხარულიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, შოთიკო გოგიბერიძე და დიმიტრი კვერღელიძე. კოტეს განწყობები ზოგადად გამოჩნდა მის იმ ინტერვიუში, რომელიც “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა ახლახან. მას ჰგონია, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მარტომ უნდა მიიღოს.
_ თქვენი ბოლო დროინდელი ინციდენტი საკადრო ცვლილებებს ეხებოდა?
_ დაახლოებით. ამჯერად თავს შევიკავებ, იგივე კოალიციური ინტერესიდან გამომდინარე და თუ ამის აუცილებლობა იქნება, მერე ვიტყვი ხმამაღლა.
ხმამაღლა თქმას, სამაგიეროდ, არ მორიდებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე:
_ მარინა სუნგულია ყოველწამიერად, ყოველ წუთიერად, ყოველდღე მებრძვის.
_ რაში გამოიხატება ეს?
_ კონკრეტულად ეს ეხება გამგებლის ფუნქციებში უხეშ ჩარევას, უნდა რომ ზეგავლენა მოახდინოს ჩემს გადაწყვეტილებებზე.
_რა ფორმით ხდება ეს, თქვენზე პირადად ახდენს ზეწოლას თუ ვინმეს პირის შემოგითვალათ?
_ასეც და ისეც. მას არ მოსწონს ჩემს მიერ გაკეთებული საქმის შედეგები და მუდმივად უკმაყოფილოა. სულ უხეშად ერევა ჩემი, როგორც გამგებლის ფუნქციებში.
_თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს თქვენს შორის ურთიერთობა?
_საზოგადოება მალე შეაფასებს, ვინ არის კოტე შარაშენიძე და ვინ _ მარინა სუნგულია.