_ ბატონო დავით, თქვენს მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემულ საქმეებში, შედის თუ არა ის პროექტები, რომლებიც გურიაში ხორციელდებოდა? ჩვენ თვითმხილველები ვართ იმის, რა ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობდა წინასარჩევნო პერიოდში გურიაში მშენებლობები, რასაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ერთი, ოპოზიციურად განწყობილი გურულების გულის მოგება და მეორე ის, რომ თქვენი წინამორბედი, რამაზ ნიკოლაიშვილი სწორედ გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.
_ მე რამდენადაც მახსოვს, კონკრეტული პროექტი გურიაზე არ იყო, მაგრამ გურიასაც ეხება იმ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოები, რომელთა საქმიანობა გადაგზავნილია პროკურატურაში.
შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ “ნიუ ენერჯი.” ჩვენ 800-მდე გვერდი კონკრეტული დოკუმენტაცია გადავაგზავნეთ ამ კომპანიასა და მის პროექტებზე ფინანსთა სამინისტროში. თუ გამოვლინდება მსგავსი ხარვეზები ან ვინმე დაინტერესებული პირის საჩივარი შემოვა ჩვენთან, ვალდებული ვართ, განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება.
_ დოკუმენტაციას ხელს აწერს კონკრეტული ხელმძღვანელი პირი და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. შეისწავლეთ თუ არა რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები და რა ხდებოდა იმ პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში?
_ მინდა გითხრათ, რომ ზღვა მასალაა, პირველი რასაც გადავხედეთ, ეს არის დანიშვნებთან დაკავშირებული ბრძანებები, რაც გარკვეული თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში მოდიოდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასთან. აუდიტის სამსახური 2013 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამსახურს შეამოწმებს და რა თქმა უნდა, ინფორმაციებს წინა პერიოდზეც მოიძიებს. რეაგირებას მოვახდენთ შემოსული საჩივრებს მიხედვითაც, მაგრამ რაც შეეხება კომპლექსური ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლას, ეს სახელმწიფო აუდიტის უფლებამოსილებაა…
ამ მასალების საფუძველზე დაიბარებენ თუ არა ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს მთავარ პროკურატურაში, ამაზე “გურია ნიუსთან” კომენტარს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აკეთებს.
_ ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ თქვენს უწყებას საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი მასალები მიაწოდა სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. საუბარია ტენდერებსა და სხვადასხვა დოკუმენტაციაზე, სადაც გარკვეული სახის დარღვევებს აქვს ადგილი. დაიბარებთ თუ არა პროკურატურაში რამაზ ნიკოლაიშვილს, რადგან საუბარი სწორედ იმ პერიოდზეა, როდესაც ის ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
_ ზუსტად არ ვარ ინფორმირებული, ამ ეტაპზე რა დონეზეა ამ სამინისტროს შესწავლის საკითხი. უფრო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს მაგ თემის შესწავლა, მაგრამ, ვაპირებთ იმას, სადამდეც მიგვიყვანს გამოძიება. წინასწარ აკვიატებული პოზიცია არ გვაქვს, რომ აუცილებლად ან ამას დავიბარებთ, ან იმას. მაგრამ ვინც დასაბარებელი იქნება, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.