საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პარტია “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ანგარიშებიდან შპს “ნკონსალტინგს”, რომლის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ზურაბ ნოღაიდელი, სხვადასხვა დროს გადაერიცხა გარკვეული ოდენობის თანხა.
მოსარჩელემ სადავოდ გახადა მასსა და შ.პ.ს “ნკონსალტინგს” შორის იჯარის ხელშეკრულებების არსებობა და მოითხოვა გადარიცხული ფულადი სახსრების უკან დაბრუნება.
ზურაბ ნოღაიდელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა იჯარის ხელშეკრულებები და შესაბამისად არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელი, რის გამოც უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ყადაღა მოეხსნა ზურაბ ნოღაიდელის და შპს “ნკონსალტინგის” საკუთრებაში არსებულ ქონებას.