“პიაცა”, “რედისონ ქლაუდი”, “შერატონი”, “ყირამალა”, “რივიერა”, “მეგრულ-ლაზური” და სხვა 20-მდე რესტორანში წარმომადგენლობითი წლიური ხარჯი ასი ათასობით ლარია. აჭარის მთავრობის აპარატში აცხადებენ, რომ ახალი მთავრობა, როგორც სამართალმემკვიდრე, ვალდებული იყო წინა ხელისუფლების ვალები თავად გაესტუმრებინა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ახალმა ხელისუფლებამ რეგიონის სტუმრები რესტორანში მხოლოდ ხუთჯერ დაპატიჟა და ჯამში, 3 თვის განმავლობაში 4500 ლარზე ცოტა მეტი დახარჯა. წინა ხელისუფლებამ ამ ოდენობის თანხა მხოლოდ “პიაცაზე” 9 სტუმრის მასპინძლობისას დახარჯა.
ვარშალომიძის მთავრობის რჩეულ ოც რესტორანში ყოველთვიურად ათასობით ლარი იხარჯებოდა. ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სექტემბრიდან ნოემბრამდე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო თანხებით, სტუმრებს ხშირად ეპატიჟებოდნენ. ამ მხრივ აქტიური განსაკუთრებით, ოქტომბრის თვე იყო.
“ჩვენ დაგვხვდა ეს თანხები, რომელიც გადასარიცხი იყო. როგორც სამართალმემკვიდრეები ვალდებული ვიყავით გადაგვერიცხა. თუკი ნახავთ, დოკუმენტაციაში კარგად ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი დავპატიჟეთ. მე მაქსიმალურად შევამცირე წარმომადგენობითი ხარჯი და გვინდა კიდევ უფრო შევამციროთ,” _ ამბობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი.
აჭარის მთავრობას გასულ წელს წარმომადგენლობითი ხარჯისთვის 850 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ვარშალომიძის მიერ შედგენილ 2013 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 50 ათასი ლარით ნაკლები იყო. არჩილ ხაბაძის ინიციატივით, მიმდინარე წელს წარმომადგენლობითი ხარჯი განახევრდა და იგი 400 ათას ლარს შეადგენს.