დღეს ბათუმში მთავარი პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ორი გამომძიებელი მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. გამომძიებლების განცხადებით, პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს.
“მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თაოსნობით, მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებზე არსებულ საჩივრებს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში მოქალაქეები აფიქსირებენ აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან დაკავშირებით პოზიციას, მოხდა რეაგირება და სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა ბათუმში საკითხის შესასწავლად. აქციის მონაწილეებს გავესაუბრეთ და დავაფიქსირეთ მათი პოზიცია. საუბარია პროკურორ ავთანდილ კილაძის მიმართ არსებულ საჩივარზე”, _ აღნიშნა საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა დემეტრე გრიგალაშვილმა.
პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით შექმნილია 12-კაციანი კომისია, რომლებიც პროკურატურის თანამშრომლების წინააღმდეგ არსებულ საჩივრებს შეისწავლიან.
ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარვებში, მე-5 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნა პროკურორ ავთანდილ კილაძის თანამდებობიდან დაუყონებლივ გადაყენება და მისი პასუხისმგებლობაში მიცებაა. მოშიმშილეების თქმით, პროკურორ კილაძემ უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ავთანდილ კილაძის განცხადებით, იგი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და საქმიანობას კვლავ პროკურატურაში განაგრძობს.