საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებას დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. რეფორმის შედეგად იგეგმება ორდონიანი _ მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, თვითმმართველ ერთეულებსა და მხარეებს ექნება საკუთარი ექსკლუზიური კომპეტენციები და დამოუკიდებელი ბიუჯეტი. საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები.
გურიის მხარეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება სტრატეგიისადმი არაერთგვაროვანია. ერთი მხრივ ისინი მიესალმებიან მეტ დეცენტრალიზაციას, არჩევითობასა და მოქალაქეთა ჩართულობას, თუმცა მეორე მხრივ კითხვის ნიშნები გააჩნიათ სტრატეგიაში წარმოდგენილი ფისკალური დეცენტრალიზაციის და ტერიტორიული მოწყობის პრინციპების მიმართ.
დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების, გურიის მხარეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი ხელისუფლების, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.