“საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლება არაფერს აკეთებს მოსამართლეებთან მიმართებაში, რათა მოხდეს ამდენი ხნის დაგროვილი უსამართლობის სააშკარაოზე გამოტანა და დამნაშავეების დასჯა. მე ვამბობ, რომ მოსამართლეებს რომ შეუკრიბო სასჯელი, შეიძლება 260 წელი ციხეში იჯდნენ. რასაც ეგენი ამ 9 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ, ამას ფაშისტურ გერმანიაში ჩადიოდა მოსამართლეთა კორპუსი,” _ აცხადებს ზაზა ხატიაშვილი “გურია ნიუსთან”.
_ ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ექნა ახალ ხელისუფლებას ამ საკითხის მოსაგვარებლად, მოსამართლე ერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე და გახსოვთ, რაც მოყვა მაგ ამბავს…
_ მე ვამბობ, რომ თუ ეგენი ნიუნბერგის პროცესის მსგავსად არ გასამართლდნენ, თუ საზოგადოებამ არ გაიგო, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე, ისე ჩვენ სამართლიან სასამართლოს ვერ ვეღირსებით.
თქვენ მაინც იცით, რასაც აკეთებდნენ ეგენი. ვთქვათ, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე შემოდიოდა შუამდგომლობა სასამართლოში. პროკურატურიდან მოჰქონდათ ფლეშკა და მოსამართლე მთლიანად ფლეშკიდან იწერდა თავის განჩინებაში პროკურატურის შემოტანილ შუამდგომლობას. ზოგჯერ, პროკურატურას ეშლებოდა სახელი და გვარი და სხვა პირზე შეჰქონდა კონკრეტული შუამდგომლობა, ანუ ფლეშკაზე ავიწყდებოდა სახელ-გვარის ჩასწორება, თორემ ბრალდება ძირითადად ერთნაირი ჰქონდათ. და როგორ ფიქრობთ, რას აკეთებდა მოსამართლე? არც კი კითხულობდა ამას პროკურატურის შიშით და პირდაპირ იწერდა იმ შეუცვლელ სახელ-გვარსაც.
ეფექტური გამოძიება რომ დაიწყოს მოსამართლეების საქმეზე, მათი უმრავლესობა პენსიას ციხეში შეხვდება. აქ უნდა ყოფილიყო ისეთი კომპაქტური მიდგომა, როგორც ჩეხოსლოვაკიაში მოხდა. თუ გახსოვთ, საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომლებიც საბჭოთა კავშირს ემსახურებოდნენ, უნდა გადამდგარიყვნენ.
ასე უნდა მომხდარიყო საქართველოშიც და ხდება რა? ის პროკურორები, რომლებსაც საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, პროკურატურაში რჩებიან. ისეთი ქაოსი, რაც ახლაა, არასდროს მინახავს პროკურატურაში. ეს ყველაფერი კი სწორედ კუბლაშვილის სასამართლოს დამსახურებაა. ეს თუ არ გასწორდა, ახალი ხელისუფლების კრახი გრდაუვალია. ეს პროკურორები და მოსამართლეები სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას ელოდებიან.
26 მაისის მოვლენები ხომ კარგად გახსოვთ? იცით რას აკთებდნენ მაშინ მოსამართლეები? დასისხლიანებულ ხალხს, სასამართლოში რომ მიიყვანეს, იმას კი არ ეკითხებოდნენ, რა დაგემართათო, ეუბნებოდნენ, მიშას რას ერჩით, რატომ არ მოგწონთო?
_ ბატონო ზაზა, სასამართლომ შესაძლოა, არც თქვენი ეს განცხადებები დატოვოს უპასუხოდ და ზეწოლაში დაგადანაშაულონ… ბოლო პერიოდში, მათი მისამართით გაკეთებულ ყველა გამონათქვამზე რეაგირებენ საპასუხო წერილების სახით. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დაადანაშაულეს კუბლაშვილის მოადგილის და მარჯვენა ხელის, მიხეილ ჩინჩალაძის ღირსების შელახვაში. ჩინჩალაძეს პროკურორობის დროს დუმილის უფლება არ გამოუყენებიაო. ეს საკმაოდ გახმაურებული ფაქტი იყო და თქვენც ხომ არ გახსოვთ?
_ ვის არ ახსოვს ეგ? მცხეთაში მოხდა ეგ ამბავი და მთელმა ქვეყანამ იცოდა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოხდა. მაშინ პროკურორი იყო და გაგახსენებთ, რომ სწორედ ის პერიოდია, როცა მცხეთაში ხალხს მიწებს ართმევდნენ უმოწყალოდ. უფრო მეტსაც გეტყვით, ისიც კი გასარკვევია და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, როგორ ჩააბარა ჩინჩალაძემ გამოცდები. ეფექტური გამოძიება რომ ჩატარდეს, ჩინჩალაძე, ალბათ პენსიას ციხეში შეხვდება. სამწუხაროდ, მთელი სასამართლო სისტემა ჩინჩალაძეებითაა სავსე და ამ ქვეყანაში სწორედ ამიტომ არის დიდი პრობლემა. იმიტომ არიან ეტყობა დიდ გულზე, რომ ჩინჩალაძის გამოყენებული დუმილის უფლება ოქმში არ ექნებათ დაფიქსირებული, რაც ასევე არ არის გასაკვირი, რადგან ოქმები ძირითადად ყალბდებოდა.
_ შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითის მოყვანა?
_ რომელი ერთის! მაგალითად ავიღოთ ადვოკატი ტარიელ მურვანიშვილი, რომელიც ამ ხელისუფლებამ აღიარა პოლიტპატიმრად. მას პროცესზე იცავდა ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც პროკურორს ჰკითხა, _ ასეთ ბრალდებებს რომ უყენებ ამ ადამიანს, მტკიცებულებები გაქვსო? იცით, რა უთხრა პროკურორმა? ორ-სამ დღეში მექნებაო. იქ ვზივარ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იქ იყო ზაქარიაც და ტარიელი დააპატიმრეს. ეს იყო წარმოუდგენელი საქმე და როგორც ვიცი, ის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი დღესაც პროკურატურაშია.
მოსამართლეებს თუ ვერ აპატიმრებ, ამ პროკურორებს მაინც დაუდე წინ მათი ნაკეთები საქმეები, ასე ძნელია? დაუდონ და ნახავენ, როგორი მონანიების დავთრებს დაუწერენ, ვინ ვის და რას ავალებდა.
ტარიელ მურვანიშვილის საქმეზე დაიბარონ ნათია სონღულაშვილი, დაკითხონ ზაქარია ქუცნაშვილიც, მერე რა, რომ პარლამენტარია? იმ პროცესს 50-მდე ადამიანი ესწრებოდა და ყველა იტყვის რაც ჩაიდინა სონღულაშვილმა. ეს უკანასკნელიც იძულებული გახდება, თქვას, ვინ დაავალა ადვოკატის დაპატიმრება. თან ვინ დააკავა იცით, თავიდან ტარიელ მურვანიშვილი? ნათია მოგელაძემ და დააკავა იმიტომ, რომ ადვოკატმა მოიგო ისეთი საქმე, რომელზეც ყოფილ პარლამენტარს ჰქონდა კბილი დასობილი.
_ ახალი ხელისუფლება მოსამართლეთა საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არასწორი სტრატეგიაა? როგორც ამბობენ, საერთაშორისო იმიჯისთვის ასე უკეთესია…
_ რომელი იმიჯისთვის? იქ არ იციან, რა ხდებოდა კუბლაშვილის სასამართლოში მთელი ამ წლების განმავლობაში?
ჰამარბერგი რომ მოიწვია ივანიშვილმა, გადახედოს მის დაწერილ დასკვნებს. ივანიშვილი რომ იძახის ერთ წელში წავალო, ჩვენ კუბლაშვილის სასამართლოს გვიტოვებს? მაგისთვის მოვიდა ხელისუფლებაში?
ყველა ტაშს რომ უკრავს ივანიშვილს, რატომ არ უჩნდებათ კითხვა, რაში დაუჭირა კუბლაშვილს მხარი, ადვოკატთა კორპუსის დევნაში? რომ ჩაგვიარა აქ გვერდით და პირდაპირ კუბლაშვილს შეხვდა, ერთი ეკითხა ჩვენთვისაც და ვეტყოდით, რამდენი ადვოკატი გაასამართლა კუბლაშვილის სასამართლომ სრულიად უკანონოდ.
ჩვენ სააკაშვილს კი არა, მის რეჟიმს ვებრძოდით და თუ ამ რეჟიმის მთავარი მოქმედი გმირები ისევ რჩებიან, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?