_ “ბოლო თვეებში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ უკვე მეორედ, ღიად ხდება მოქალაქეების დაშანტაჟება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამომზეურებით.
პირველად, ეს შეეხო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს და მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, დამნაშავეები დასჯილი დღემდე არ არიან და ახლახან იგივე განმეორდა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ. მე კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ თითის გაშვერას ჩემი მთავრობისკენ, რადგან ვინც რა არ უნდა მოიგონოს ფაქტი ჯიუტია _ ჩემი პრეზიდენტობის წინა ცხრა წლის განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ინტერნეტით ან მედიის სხვა საშუალებებით გავრცელებულიყო რაიმე მასალა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაზე, მითუმეტეს პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ასპექტებზე. ასეთ რამეებს აკეთებდნენ ედუარდ შევარდნაძის დროს, პუტინის სპეცსამსახურები რუსეთში და ზოგიერთი სხვა დანაშაულებრივი რეჟიმი… ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ტენდეციით, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ფარულ ჩანაწერების წარმოების საჯაროდ რამდენჯერმე ხსენებით. და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, ნუ ბლოკავს ჩემს მიერ საგანგებოდ შემოტანილ კანონპროექტს, რომელიც ბევრად მეტად დაიცავდა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას”, _ აღნიშნავს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფარული კადრების ავტორად “ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა:
_ გუშინ ვუყურებდი ტელევიზორს. ხუხაშვილთან ჰქონდათ ინტერვიუ და ვიღაც ახალგაზრდა კაცთან, ფარესაშვილთან, რომელზეც რაღაც უჩვენებიათ. ეს რომ არ არის ახალი გუნდის სტილი და ხელწერა, მე მგონი ჟურნალისტებისთვის გასაგებია. ძალიან ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას ეს ყველაფერი. აგებული სქემაა. ჯერ კადრები ჩაუწერეს ოდესღაც, მერე სწორად მიაწოდეს და მერე ეს გვარებიც. კითხვა უნდა დაისვას სწორად. როდესაც ფარესაშვილი მოიხსენიებს ხვედელიძეს, ნაცვლიშვილს, ხუხაშვილს და აგინებს, ვის უნდა ეს. როგორ ფიქრობთ თქვენ, ვისი სურვილია, რომ ეს ასე მოხდეს და განვითარდეს?! მგონი მისი დაგეგმილი და გაკეთებულია ეს ყველაფერი და ეს პიროვნება, მსხვერპლია იმ ძალადობის, იმ იდეოლოგიის, რაც, რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში, _ აღნიშნა ივანიშვილმა.