როგორც ნათიას დედა მაყვალა ბურკაძე ამბობს, ამის მიზეზი ჩოხატაურის საავადმყოფოს გაფიცვაა.
_ ერთი კვირის წინ მივიდა საავადმყოფოში, გაციებული იყო. გაფიცულები ვართო და ოზურგეთის საავადმყოფოში გადაამისამართეს. სხვის სახლში ცხოვრობენ და საშუალება არ აქვთ, ამიტომ, ოზურგეთში ვერ წავიდნენ. ვიფიქრეთ, მუცელი ატკივდება და სასწრაფოთი წავიყვანთო, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მაყვალა ბურკაძე.
მისივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას, გართულებული კომუნიკაციის გამო, მოსვლა დააგვიანდა:
_ 112-ზე უნდა დარეკო, მერე აქეთ უნდა გადმორეკონ. ამ დარეკვებში დრო გადის და სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გვიანი იყო.
ნათიას დედის ინფორმაციით, ჩოხატაურის საავადმყოფოში მიყვანილ ახალნამშობიარევ ქალს, ოზურგეთის საავადმყოფოში გადაყვანაზე, სადაზღვევო კომპანია “ალფამ” 250 ლარი მოსთხოვა.
ის, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზღვეული პაციენტის გადასაყვანად ფული მოითხოვა, ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგმა, მაია პაიჭაძემაც დაადასტურა. პაიჭაძე გამორიცხავს, რომ ნაყოფის დაღუპვა გაფიცვამ გამოიწვია.
_ როგორც კი მითხრეს ამ ფაქტის შესახებ, მაშინვე მოვედი. მაღალი წნევა ჰქონდა პაციენტს და გადაყვანას საჭიროებდა. როგორც ვიცი, სადაზღვევო კომპანიამ 250 ლარი მოითხოვა, _ დასძინა პაიჭაძემ.
მოგვიანებით, ნათია თოდრაძის ოზურგეთში გადაყვანა ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უზრუნველყო.
პაციენტის დედის ინფორმაციით, სასწრაფოს ხელმძღვანელმა, ზოია კუჭავამ გადაყვანაში 80 ლარი მოითხოვა და თანხის გარეშე გადაყვანაზე უარი თქვა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზოია კუჭავა.
მისი თქმით, სასწრაფოს გადაყვანის უფლება არ აქვს და გადაუდებელ შემთხვევაში, შიდა სტანდარტით კილომეტრზე 10 ლარია გადასახდელი:
_ როგორც ვიცით, სადაზღვევომ დიდი თანხა მოითხოვა. შემდეგ ჩვენ გადავიყვანეთ. თანხა, მართალია, გადასახდელია, თუმცა საუბარი იმაზე, რომ თუ თანხას არ გადაიხდიდნენ მისი გადაყვანა არ მოხდებოდა, ტყუილია. პაციენტის სიცოცხლე არანაირ თანხად არ ფასდება, _ ამბობს კუჭავა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
აღნიშნულ საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია.
რამ გამოიწვია ნაყოფის დაღუპვა და რა მოხდა სინამდვილეში _ “გურია ნიუსი” ამ თემაზე ამ წუთებშიც მუშაობს და ვრცელ მასალას, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.