“2013 წლის 28 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა ჩატარდა. მოგვიანებით, სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ლოცვის ადგილას და უკმაყოფილება გამოხატა ლოცვის ფაქტთან დაკავშირებით.
მოსახლეობა შეიკრიბა ადგილობრივი მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და მოითხოვეს მისი გამოსვლას. სოფელში დაძაბული ვითარებაა და არის ფიზიკური ზეწოლის საშიშროება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს პოლიციიის მობილიზაცია და დააწესოს მორიგეობა სულიკო ხოზრევანიძეს სახლთან.”
“გურია ნიუსი” სულიკო ხოზრევანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვს
“ვთხოვ ყველას, სახალხო დამცველს, სამღვდელოებას, ხელისუფლებას, ჩამოვიდნენ და ადგილზე ნახონ რა ვითარებაა. სანამ არ მომკლავენ, რეაგირება არ იქნება? ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი არ მირჩევნია. ნეტა გუშინ მოვეკალი, აგორდებოდა პრობლემა და მიხვდებოდნენ რაღაცას ბოლობოლო. 200 კაცი მომივარდა გუშინ, რატო შეხვედი მეჩეთში, რატო ჩამოგყავს ჩეჩნები, ფულის მოყვარული ხარ, ფული გაქვს მაგათგან აღებულიო. არავინ ჩამომიყვანია, 7-8 ჩეჩენი მართლაც იყო გუშინ, მგონი დედისიმედიდან იყვენენ, გამგებელს უსწავლებია სალოცავი, მერე დამიკავშირდნენ, ტუალეტი და ხელის დაბანა გვინდაო. სტუმარი ღვთისაა, არ უნდა შემეშვა ოჯახში? ხელი დაიბანეს, წავიდნენ და ილოცეს.”-ამბობს სულიკო ხოზრევანიძე.
ხოზრევანიძის თქმით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ცენტრალურ ხელისუფლებას არასწორ ინფორმაციას აწვდის: “რა ვიცი, ჩვენი მუფტისთვის უთქვამთ 15 კაცი დაიჭირესო, დაისჯებიან მოძალადეებიო, მაგრამ მე დაჭერილი არავინ მინახავს, 300 კაცი მივარდება სახლში და ესენი ეუბნებიან 50 კაცი იყოო, მთვრალები, გატიალებულებიო. რა მთვრალები, არავინ არ იყო იქ მთვრალი. აქამდე ქრისტიანებთან პრობლემა არ გვქონია და ეხლა რატო გახდა ლოცვა ცოდვა?”-ამბობს სულიკო ხოზრევანიძე.
_ პოლიცია არ ახდენს რეაგირებას?
_ პოლიცია აქ არის ხოლმე , მაგრამ რა უნდა ქნას? ეს ხალხი ფიზიკურად არ მეხება, მაგინებენ, შეურაცხყოფას მაყენებენ და რა ვიცი, მაგაზე თუ არის სასჯელი, იქნება სთხოვოთ რომ გამოძიება დაიწყონ.
“გურია ნიუსი” ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს დაუკავშირდა:
“ჩემი ინფორმაციით, დღეს დილით სულიკო ხოზრევანიძესთან მივიდა რამდენიმე ადამიანი, მეზობლები და განუცხადეს რომ, არ უნდა მივიდეს სამლოცველოში სალოცავად, არც სამმართველოს წარმომადგენელი ხოჯები უნდა მიიღოს სტუმრად. თუ არ დაემორჩილება ამ წესებს,მაშინ ისინი შეწყვეტენ ყველანაირ ურთიერთობას, ნახირში არ გააშვებინებენ საქონელს, მაღაზიაში უფლებას არ მიცემენ, რომ რამე იყიდოს, სამეზობლოში ვინც დაეხმარება, იმ ადამიანებსაც დასჯიან. სულიკო დათანხმდა, რომ არ მივა სალოცავად.“
დაახლოებით 2 კვირის წინ იუსტიციის მინიტრი რელიგიური უმცირესობების წარმომადგნელებს შეხვდა და პრობლემების გადაჭრას დაპირდა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც.