აგვისტოს დასაწყისიდან მრავალი სახეობის ბოსტნეულის დათესვაა აუცილებელი, თუმცა, პირველ რიგში, უნდა მივხედოთ ნიორს, რადგან ყველაზე კარგი დრო მის დასათესად სწორედ აგვისტოა. ამ პერიოდში დათესილი ნიორი, განსაკუთრებით გურიაში, კარგად ასწრებს სრულ ვეგეტაციას და საბოლოოდ უხვ მოსავალს იძლევა. ნივრის დასათესად სამ წელში ერთხელ მაინც უნდა შევცვალოთ ადგილი.
სათესლე მასალად პირადად მე სახლში მოწეულ ნიორს ვიყენებ. აგვისტოს შუა რიცხვებამდე დათესილი ნიორი მომავალი წლის მაისის ბოლოს უკვე ასაღებია და თესვის დაწყებისას, აგვისტოში შესაძლებელია მისი სათესლედ გამოყენება. მცდარია აზრი, თითქოს, ორი ან სამი თვით ადრე აღებული ნივრის სათესლედ გამოყენება არ შეიძლება. მე ყოველთვის ასე ვაკეთებ და მოსავალს არ გავუწბილებივარ.
მიუხედავად იმისა, რომ ნიორს ყველა თესავს და მის შესახებ, თითქოს, ბევრი რჩევა არ სჭირდებათ დიასახლისებს, მაგრამ არა ერთი შემთხვევაა, როცა დათესვას აგვიანებენ და მერე წუხან, რომ არ გაიკეთა ბოლქვი, ფოთლები შეალპა და ასე შემდეგ. ყველა აღნიშნული წუნი კი სწორედ გვიან დათესვის ბრალია.
15 აგვისტომდე დავთესოთ კბილებად გაცალკევებული ნიორი. მიწა უნდა იყოს კარგად გაფხვიერებული, ნახევრად მშრალი. ნივრის კბილებს რიგში, ათი სმ დაშორებით ვდებთ მიწაში, 5-6 სმ სიღრმეზე. ასეთი წესით და ამ დროს დათესილი ნიორი მალე ამოდის და შემოდგომა-ზამთარში საშუალებას იძლევა მიწისზედა ნაწილი, მწვანე მასა ვიხმაროთ კერძების მოსამზადებლად. ოღონდ მწვანე ფოთლები დრო და დრო, აქა-იქ უნდა შევაცალოთ. რაც მთავარია, ამ დროს დათესილი ნიორი ყველა ბოსტნეულზე უკეთ გამოგადგებათ ცივ ზამთარში, როცა ის ერთბაშად ასრულებს აუცილებელი სანელებლის როლს სამზარეულოში და მარად მოუშორებელი გრიპისგან თავდახსნის შესანიშნავი საშუალებაცაა.