იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აპრილში “გურია ნიუსთან” ინტერვიუში ამბობდა, რომ პროფესიული გადამზადებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სურვილი 600-მდე მსჯავრდებულმა გამოთქვა.
გუშინდელი პრეზენტაციიდან ირკვევა, ეს მონაცემები დიდად არ შეცვლილა, უფრო მეტიც _ 600 -650 მსჯავრდებულიდან 200 ან აღარ გამოეხმაურა ცენტრს, ან როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ამბობს, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მაისურაძის თქმით, პროგრამა 1 000 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, თუმცა, ყოფილ პატიმრებს ტრეინინგებზე და რეაბილიტაციაზე მეტად დასაქმების პრობლემა აწუხებთ.
მაისურაძე ამბობს, რომ პროგრამაში ჩართული 650 ბენეფიციარიდან დღემდე მხოლოდ 60 დასაქმდა, ძირითადად ტაქსების და სამშენებლო კომპანიებში, თუმცა არის წარმატებული გამონაკლისებიც: “რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში ჩართული 650 ბენეფიციარიდან 60 დასაქმებულია. მათმა ნაწილმა გაიარა სხვადასხვა კურსები, მაგალითად, სოციალური უნარები, CV-ს მომზადება. ასევე, მათთვის ვამზადებთ რეკომენდაციებს დამსაქმებელთან წარსადგენად. ყოფილი პატიმრების დასაქმება, ძირითადად, კერძო სექტორში ხდება _ მაგალითად ტაქსების კომპანიებში. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ბენეფიციარები “აირზენასა” და “პეგასუსის” ოფისებში დასაქმდნენ ოფისმენეჯერებად.”
გუშინდელი პრეზენტაციის დროს, სტატისტიკის სამსახურის შეთავაზებაზე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამაში ყოფილი პატიმრების დასაქმების შესახებ, აღარაფერი თქმულა. დავით მაისურაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს პროექტი სექტემბრიდან დაიწყება: “რამდენადაც მახსოვს, ეს პროექტი სექტემბერში უნდა დაიწყოს და თანაც სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ვაკანსიებზე ჩვენი ბენეფიციარების დანიშვნას გარკვეული ტრეინინგის გავლის შემდეგ აპირებდა. რეალობა ასეთია _ ბევრი ბენეფიციარის მოთხოვნაა, ყოველგვარი ტრეინინგის გარეშე პირდაპირ დასაქმება, ხოლო ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და შრომითი უნარების განვითარება. ამიტომ ვთავაზობთ ამ კურსებს, რომ თვითონ განახორციელონ ის პროცესი, რისთვისაც ჩვენ მოგვმართავენ,” _ ამბობს “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” ხელმძღვანელი “გურია ნიუსთან.”
ყოფილი პატიმრები, რომლებიც გუშინდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ცენტრის საქმიანობას დადებითად აფასებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ დაფინანსება საკმარისი არ არის.
გიორგი დოლენჯაშვილმა ციხე თებერვალში დატოვა, რამდენიმე თვეში გათავისუფლდა მისი მეუღლეც. ორივე მათგანი იუსტიციის სამინისტროს დახმარებით დასაქმდა, პარარელურად, გადიან კომპიუტერისა და მცირე ბიზნესის კურსებს: “ვისურვებდი, რომ უფრო მეტი უფლებები ჰქონდეთ, მეტი შტატი დაუშვან, მეტი დაფინანსება იყოს. თუნდაც იურისტები, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტები, არ არიან საკმარისი. პირადად მე, წლების მანძილზე იმდენი პრობლემა დამიგროვდა, რომ დავდივარ სხვადასხვა უწყებებში და ესენიც, რაც შეუძლიათ მეხმარებიან . მათი დახმარებით ძეხვის საწარმო “ბადრი კიკაბიძეში” დავსაქმდი, იუსტიციის სახლში დაასაქმეს ჩემი მეუღლე . მცირე ბიზნესის და მარტივ კომპიუტერულ კურსებზე დავდივართ ორივე. გვპირდებიან , რომ მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად გრანტები იქნება და ჩვენც ამის იმედი გვაქვს,” _ ამბობს დოლენჯაშვილი “გურია ნიუსთან”.
გაგა ჭიხორიაც ყოფილი პატიმარია, მან ციხე თებერვალში დატოვა. სკოლის დირექტორი და პედაგოგი ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტში თავიდანვე ჩაება, როგორც თავად ამბობს, დასაქმდა კიდეც და CV-ს წერის უნარებსაც ეუფლება:
_ ციხიდან გამოსვლისთანავე ჩავერთე პროექტში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ასევე სოციალური უნარების განვითარების კუთხითაც . ამ პროექტმა იმდენად დიდი დახმარება გამიწია, რომ ჩვენი პრემიერის მიერ პრიორიტეტად დასახულ აგრარულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამებზეც კი ჩავაბარე და 100%-იანი სახელმწიფო გრანტი ავიღე.
_ გილოცავთ. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა დახმარება გაგიწიეს რეაბილიტაციის ცენტრში?
_ თავს მივიჩნევ უდანაშაულო პატიმრად, მაგრამ ჩემი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს საბოლოოდ. რეაბილიტაციის ცენტრი სარჩელის მომზადებაში დამეხმარა. მათი დახმარებით შევხვდი საქართველოში ყველაზე ცნობილ ადვოკატებს და გავიარე უფასო იურიდიული კონსულტაცია. აგრეთვე, დავდივარ სხვადასხვა ტრეინინგებზე, იქნება ეს CV-ს და სამოტივაციო წერილის მომზადება, სოციალური უნარების განვითარება თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. თუ მთავრობის ნება იქნება, ეს პროექტი გაცილებით წარმატებული გახდება.
_ ამჟამად მუშაობთ?
_ გასამართლებული ვიყავი ნარკოტიკული მუხლით. ნარკოტიკის ჩადება წარსულში მავნე პრაქტიკა იყო. ვმუშაობდი სკოლის დირექტორად და პედაგოგად, მაგრამ ახლა ვარ პრობაციონერი და ყველანაირი უფლება მაქვს შეზღუდული. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ რეკომენდაცია გამიწია და მშენებლობაზე ვარ დასაქმებული, დღიურ მუშად, ისე, ორი უმაღლესის დიპლომი მაქვს.
_ ტრეინინგებზე სიარულს და მუშაობას როგორ ახერხებთ?
_ როდესაც ტრეინინგებზე დავდივარ, მშენებლობის ხელმძღვანელები ხელს მიწყობენ და მიშვებენ, უბრალოდ, იმ დღის ხელფასს აღარ მიხდიან, მაგრამ ჩემთვის იმდენად დიდია ამ ტრეინინგების მნიშვნელობა, ვერანაირი ხელფასი ვერ შეედრება.
“დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ამბობს, რომ პროექტს საკმარისი დაფინანსება აქვს.
“პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტი საკმარისია. მაგალითად, წლის დასაწყისში, როდესაც პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, სამიზნედ არჩეული გვყავდა 1000 ყოფილი მსჯავრდებული. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ , რომ საგრანტო კომპონენტს პლიუს პროფესიული გადამზადების კურსები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს ნიშნავს იმას რომ თითოეულ მსჯავრდებულს ჩვენი მხრიდან ჰქონდა მინიმუმ ორი შეთავაზება – ჩართულიყო ფსიქორეაბილიტაციის და პროფესიული გადამზადების კურსებში. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი საკმარისია წლის დასაწყისში განსაზღვრულ ათასკაციანი სამიზნე ჯგუფის მომსახურებისთვის,”
ცენტრის მიერ შეთავაზებული პროფესიული გადამზადება ისეთ კურსებს მოიცავს, როგორიცაა: მცირე ბიზნესის მწარმოებელი, ბუღალტერიის საფუძვლები, ოფისის მენეჯერი, მარტივი კომპიუტერული უნარები, სადურგლო საქმე, ელექტრომემონტაჟე, ელექტროშემდუღებელი, სტილისტი და სხვა. სულ შემოთავაზებულია 18 დასახელების კურსი. თითოეული კურსი 2 – 3-თვიანი ხანგრძლივობისა და ყველა მათგანი თბილისში ტარდება. იგეგმება 40 ბენეფიციარისთვის კურსების თბილისთან ახლოს მდებარე რეგიონში ჩატარება. კურსები 2013 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც დავით მაისურაძე ამბობს, უახლოეს მომავალში ცენტრი ზუგდიდის იუსტიციის სახლშიც გაიხსნება. სულ მომავალი წლისთვის ხუთი ასეთი ცენტრის გახსნა იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში.
ტრეინინგების ჩატარებასთან ერთად იუსტიციის სამინისტრომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სულ დაფინანსდება 5 იდეა 3-4 ათასი ლარის ფარგლებში, დანარჩენი კი ყოფილი პატიმრის გადასახდელია. თუ რა თქმა უნდა ამის საშუალება ექნება.