ობამას თქმით, ის შეშფოთებულია, რომ მოსკოვი მზადაა თავშესაფარი მისცეს ედუარდ სნოუდენს. ამასთან, სანკტ პეტერბურგის G20 სამიტს ობამა აუცილებლად დაესწრება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობა საკმაოდ გაცივდება.
როგორც ობამამ NBC-ის ეთერში განაცხადა, აშშ-ს მონაწილეობა სანკტ პეტერბურგის სამიტზე აუცილებელია, თუმცა, მას სიტყვაც არ დაუძრავს პუტინთან მოსკოვში შეხვედრაზე.
რუსული მედიის ცნობით, ობამა-მედვედევის შეხვედრის გადადებით, ვაშინგტონი აპროტესტებს არა მარტო სნოუდენის საქმეს, არამედ სირიის კრიზისში მოსკოვის მონაწილეობას და ადამიანის უფლებების დარღვევებს რუსეთში.
როგორც კრემლში განაცხადეს, “აშშ ჯერ კიდევ არ არის მზად, ურთიერთობები თანაბარუფლებიანობის პრინციპზე ააწყოს.” ეს პოზიცია პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა გააჟღერა, ამავე დროს, მისი თქმით, ობამას მოწვევა მოსკოვში ისევ ძალაში რჩება.
Brookings Institution-ის ექსპერტის სტივენ პაიფერის მოსაზრებით, მოსკოვის შეხვედრის გადადება ნიშნავს, რომ ობამასთვის რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობები მის პრიორიტეტებში უმნიშვნელოა. ექსპერტი ფიქრობს, რომ სნოუდენის საქმე მხოლოდ საბაბია. რახან პაიფერი თეთრ სახლთან დაახლოებულ ანალიტიკოსად ითვლება, სავარაუდოა, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები საკმაოდ გაცივდება.
“მოსკოვსკი კომსომოლეცი” ციტირებას უკეთებს ობამას გამონათქვამს რუსეთში ლგბტ თემის დევნის შესახებ: “მე არ მომწონს ისეთი ქვეყნები, სადაც ამცირებენ, ავიწროებენ, უფლებებს ულახავენ გეებს, ლესბოსელებს და ტრანსგენდერებს. მე ყოველთვის მკაფიოდ ვსაუბრობდი ადამიანის უფლებების შესახებ,” _ თქვა ობამამ.