ჩელიაბინსკის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში, “ჭკვიანი ტომოგრაფის” შესახებ სიუჟეტის მაგივრად, გავიდა ნაწყვეტი ფილმიდან, რომელშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ჩანაწერში, რომელიც საინფორმაციო გამოშვების პირველ წუთსა და 56-ე წამზე დაიწყო, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოკლეს ჟურნალისტები ანა პოლიტკოვსკაია და ნატალია ესტემიროვა, დაიღუპა იურისტი სერგეი მაგნიტსკი, დააპატიმრეს მიხეილ ხოდორკოვსკი, კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
როგორც ამბობენ, სიუჟეტი სპეციალურად გაუშვა ტელევიზიის ერთ-ერთმა რეჟისორმა, რომელსაც ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
ადგილობრივი მედიაგამოცემების ინფორმაციით, რეჟისორი მოხსნეს, არხის ხელმძღვანელობა კი აპირებს პოლიციას მიმართოს, რათა აღიძრას საქმე ხულიგნობის მუხლით.