_ “დემოკრატიული მოძრაობა” მიესალმება და პატივს სცემს ყველა იმ ადამიანის პოზიციას, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში და შემოუერთდნენ ჩვენს პოლიტიკურ ძალას.
ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი პარტიის წევრთა წინაშე, რომლებმაც დაარსების დღიდან საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის წევრთა უსაფრთხოების რისკის ფასად, მაშინ როდესაც ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრობა პრაქტიკულად დაპატიმრების სანქციის ტოლფასი იყო, მიიღეს გადაწყვეტილება და გახდნენ “დემოკრატიული მოძრაობის” წევრები. ასეთი ჩვენს პარტიას 30 000 რეგისტრირებული წევრი ჰყავს, თუმცა ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი რაოდენობის მიერ ბოლო პერიოდში გამოცხადებული ნდობა და მხარდაჭერა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და დასაფასებელია ნებისმიერი ჩვენი თანამემამულის პოზიცია.
“დემოკრატიული მოძრაობა” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო დაადგეს რეალურად დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გზას. პარტიის ყველა ნაბიჯი, განცხადება და რეაგირება ტრადიციულად ნაკარნახევი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო და არა ვიწროპატიული ინტერესებიდან გამომდინარე.
“დემოკრატიული მოძრაობის” და ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც არ აქვს ჩადენილი დანაშაული, ვისთვისაც უპირველესია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გაძლიერება და მზადაა საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და პროიფესიონალიზმი მოახმაროს ჩვენი სამშობლოს – საქართველოს წინსვლასა და განვითარებას.
“დემოკრატიული მოძრაობა” პირდება ყველა მხარდამხარდამჭერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ არ გადაუხვევს არჩეულ კურსს, იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისათვის და კვლავაც შეასრულებს ყველა იმ დაპირებას, რომელსაც წლების მანძილზე გასცემდა საკუთარი მომხრეებისა და სრულიად საქართველოს წინაშე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არ გაუცრუებთ იმედს ადამიანებს რომლებმას ნდობა გამოგვიცხადეს, _ აღნიშნულია განცხადებაში.