აკადემიური საბჭოს 12 წევრი და რექტორობის 13 კანდიდატი ამ წუთებში იკრიბება საარჩევნოდ განკუთვნილ აუდიტორიაში. საარჩევნო პროცესი დაახლოებით 2 საათს გასტანს, პარალელურად უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან, რომლებიც აცხადებენ , რომ აკადემიური საბჭოს წევრებს არ მისცემენ არაობიექტური არჩევანის საშუალებას. რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი მერაბ ცაგარელი ამბობს, რომ ობიექტური არჩევნების იმედი არა აქვს.
„უკანასკნელმა ორმა დღემ გარკვეული ეჭვები გააჩინა, აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. წინასაარჩევნო კამპანია კარგად იყო ორგანიზებული, თანაბარ პირობებში ვიყავით და ყველაფერი გამჭვირვალედ ხდებოდა, მაგრამ მარინა ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნამ ლადო პაპავას სასარგებლოდ მას მერე , რაც გავიდა საბჭოს წინაშე და მოახსენა თავისი კონცეფცია, ბევრი ეჭვი გააჩინა. მანამდე რომ გაეკეთებინა ეს, ნაკლებ ეჭვს გამოიწვევდა. ალბათ რაღაც გათვლა იყო ამ ნაბიჯში, რადგან შეუძლებელია ადამიანი ორი თვე ემზადებოდეს ამისთვის და მერე მოხსნას კანდიდატურა სხვის სასარგებლოდ, ალბათ რაღაც მოლაპარაკებები იყო.“ _ ამბობს ცაგარელი.
თავდაპირველად რექტორობის სურვილი 14 კანინდატმა გამოთქვა, მაგრამ ორი დღის წინ მარინა ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ლადო პაპავას სასარგებლოდ მოხსნა. სტუდენტები ამბობენ, რომ შესაძლოა აკადემიურმა საბჭომ არჩევანი ირმა რატიანზე შეაჩეროს, მათი თქმით რატიანს ნაციონალები ლობირებენ.