ქალაქში მდინარე ორაგვისღელემ ჩამოშალა მიწის კერძო ნაკვეთი, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლს; ადიდებულმა მდინარემ მოარღვია მდინარის კალაპოტი და საფრთხე შეექმნა საავტომობილო გზას; სოფელ აკეთში ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფლის პროგრამით შესრულებული მილხიდი; გვიმბალაურში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული ხიდი საჭიროებს გამტარუნარიანობის გაზრდას , რადგან ვერ ახერხებს ჭარბი ნალექის გატარებას და იტბორება ტერიტორია; ჩიბათში ადიდებულმა მდინარეებმა მოანგრია 15 სამანქანო და 2 საცალფეხო ხიდი; სოფელ ჭინათში მდინარე ლესისწყალმა დააზიანა სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა; სოფელ ლესაში დატბორილია ეზოები; აცანაში ძლიერმა ნიაღვარმა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ჩამოიტანა ქვა-ღორღი; ამავე სოფელში სტიქიამ დააზიანა ხიდი თედორაძეების უბანში; სოფელ ჯურუყვეთში მდინარე ღვეისწყალმა წაიღო 2 ცალი საცალფეხო და 1 სამანქანო ხიდი; ძლიერმა ნიაღვარმა ნინოშვილსა და შუხუთში ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები; ახალსოფელში დაზიანდა 5 ხიდი, სუფსაში _ 1 ხიდი და გზები; ადიდებული მდინარე სუფსა აზიანებს მიწის კერძო ნაკვეთებს და საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს.
ეს ის მონაცემებია, რომელიც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურმა აღწერა . ამ სამსახურის სპეციალისტის მიხეილ ორაგველიძის თქმით, ზარალის აღწერა ამ წუთებშიც მიმდინარეობს _ დარჩენილია კიდევ ორი თემი. ზარალის თანხობრივი რაოდენობა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.