იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, ჟვანიას სახელობის და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის კლინიკა ისე გაიყიდა, რომ არც ძველ და არც ახალ მეპატრონეს სახელმწიფო საქმის კურსში არც კი ჩაუყენებიათ. არის თუ არა გასხვისების ამ სქემაში დანაშაულის ნიშნები და როგორი იქნება სახელმწიფოს პოზიცია, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” კომენტარს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აკეთებს.
_ საქმე იმაშია, რომ ეს იყო კერძო საკუთრება და მესაკუთრემ ისე განკარგა, როგორც მიიჩნია საჭიროდ. მაგრამ ,კანონი და სამართალი, სამწუხაროდ, ხშირად თანხვედრაში არ არის, ისევე როგორც ამ შემთხვევაში. მესაკუთრემ, რომელიც ფლობდა ამ ინფრასტრუქტურას საქართველოში, ანუ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურას, არც კი ჩათვალა საჭიროდ, საქმის კურსში ჩაეყენებინა სახელმწიფო ამის შესახებ. ეს იმდენად ალოგიკური, მიუღებელი და გაუგებარია, რომ მე უკვე რაღაც კითხვები მიჩნდება, ეს შეგნებულად ხომ არ არის გაკეთებული?
ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომელიც შემოდის საქართველოში და ინვესტიციას ახორციელებს, ძალიან დიდი შანსია სახელმწიფოსთან კონსულტაცია და ერთიანი ხედვის გაზიარება. ეს მათი წარმატების საწინდარია. ამ შემთხვევაში, მათი ქმედება იმდენად მიუღებელი იყო, რომ უამრავი კითხვა გაგვიჩნდა ამაზე. ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.” – აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის” 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა” შეიძინა, რომლის წარმომადგენელიც თექინ ატიკი.
გავრცელებული ინფორმაციით, “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა” იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა “ახალ კლინიკაში”, პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში, ქალთა სამედიცინო ცენტრ “ახალ სიცოცხლეში” და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 20 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.
არსებული ინფორმაციით, ახალი მფლობელი აღნიშნულ კლინიკებში 25 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკურ გადაიარაღებას და ახალი აპარატურის შემოტანას აპირებს.