მას შეკვეთით მკვლელობაში ედება ბრალი, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის ამბავი 2012 წლის 23 ნოემბერს მეუღლემ ტელეფონით შეატყობინა.
"გურია ნიუსს" ვახტანგ ჩხაპელიას აღიარებითი ჩვენების ვიდეო ჩანაწერი მიაწოდეს, რომელშიც ის დეტალურად საუბრობს ადუაშვილის "დასჯის" დაგეგმვაზე, ხოლო შემკვეთად და დამფინანსებლად სოსო პავლიაშვილს ასახელებს.
გამომძიებელი: მკვლელობის მეორე დღეს ერევანში შეხვდით სოსო პავლიაშვილს, ესაუბრეთ თუ არა მას თქვენი მეგობრის გია დარახველიძის გარეშე?
ვახტანგ ჩხაპელია: ვესაუბრე. ვუთხარი, ასე მოხდა, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ასე გამოვიდა-მეთქი… მთელი ცხოვრება არ მოგვასვენა, არ მოგვასვენა და ახლა დაისვენა.
გამომძიებელი: სოსომ იცოდა რა ხერხით აპირებდით ადუაშვილის დასჯას?
ვახტანგ ჩხაპელია: ზუსტად არ იცოდა.
გამომძიებელი: აბა, რა იცოდა?
ვახტანგ ჩხაპელია: ფიზიკურად უნდა გავსწორებულიყავით, მაგრამ არ დამიკონკრეტებია. მკვლელობა არ იცოდა. თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე.
გამომძიებელი: როგორ აუხსენით, რას გულისხმობდით დასჯაში?
ვახტანგ ჩხაპელია: არ ვიცი, ყველაფერს ერთად, ალბათ.
გამომძიებელი: თქვენი ჩანაფიქრის გახორციელებისთვის თანხა ვინ გადმოგცათ?
ვახტანგ ჩხაპელია: თანხა ავიღე სოსო პავლიაშვილისგან.
ჩხაპელიას ჩვენების თანახმად, უკრაინაში შეხვედრის დროს, სოსო პავლიაშვილმა მას 30 ათასი ევრო მისცა, რომელიც შემსრულებლებისთვის უნდა გადაეხადა. ჩვენებისვე მიხედვით, ვახტანგ ჩხაპელიამ 50 ათასი ევრო მკვლელობის ორგანიზატორ გელა უბილავას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ის შემსრულებლებს გაუნაწილა.
დაწვრილებით ჩვენების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოჩანაწერის ნაწილში, რომელსაც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე ვაქვეყნებთ.