სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებმა ელექტრონული პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც სამედიცინო მონაცემთა შენახვა-გადაცემას და პაციენტთა რეფერალის პროცესში მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს ელექტრონული სამედიცინო ისტორიის და რეფერალის მართვის მოდულებს, რომელთა გამოყენებითაც დარეგულირდება გეგმიური პაციენტების მოლოდინის რიგი და მათთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაციის შენახვა-გადაცემა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პატიმრებისთვის ცალ-ცალკე მოლოდინის რეჟიმი იმოქმედებს. პატიმარს ექიმის ან ადმინისტრაციის დახმარებით ნებისმიერ მომენტში შეეძლება გადაამოწმოს საკუთარი სტატუსი და რიგითობა რეფერალთან მიმართებაში და მიადევნოს თვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე სამედიცინო დეპარტამენტის რეაგირებას.
მოლოდინის რეჟიმი არ შეეხება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, რომლებზე რეაგირებაც რიგითობის გარეშე მოხდება.
2013 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაცემებით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით სამოქალაქო საავადმყოფოებში 4700-ზე მეტი პატიმარი იყო გადაყვანილი.