ის დღეს ჟურნალისტებს შეხვდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. კუბლაშვილის თქმით ხუთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებები მომზადდა.
1. მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურების დროული დაწყება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სწორედ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობასთან არის დაკავშირებული არის მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურების დროული დაწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. კონსტიტუციაში უკვე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს მოსამართლეების უვადო დანიშვნის სისტემის ამოქმედება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივაც სწორედ ამ პროცედურების დროულად დაწყებას შეუწყობს ხელს.
2. მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაზრდა.
მეორე საკანონმდებლო ინიციატივა მოსამართლეთა სოციალური გარანტიების ზრდას უკავშირდება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, პირველი ინსტანციის მოსამართლის დარიცხული ხელფასი 4000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
3. მოსამართლეთა საპენსიო სისტემის ახალი მოდელის ამოქმედება.
4. დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწა.
სასამართლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა.
5. იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის ხანგრძლივობის გაზრდა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა უკეთ მომზადების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების კურსი 10 თვიდან უნდა გაიზარდოს 15 თვემდე.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები მომავალ კვირას იმსჯელებენ.