უმცირესობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა მხარს ყოველთვის დაუჭერს მსგავს კანონპროექტებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ, ცალსახად ხაზგასმული იქნება, რომ ეს პროექტი პარლამენტის უფლებამოსილების ზრდას შეუწყობს ხელს.
“დღეს ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის როლის ფუნქციის და უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს მთავრობასთან მიმართებაში. აქვე დავაფიქსირებ, რომ მომავალშიც ყველა იმ ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციაში შევა პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდის მიზნით, თუ ეს ვენეციის კომისიის მიერ ცალსახად იქნება შეფასებული, უმცირესობა მხარს დაუჭერს. ჩვენი მიზანია ძლიერი პარლამენტი, რომელსაც საშუალება ექნება, აკონტროლოს მთავრობა,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა.