− ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს თეა წულუკიანთან სააგენტო “New Europe”.
“საქართველოს შემოაქვს ღრმა დემოკრატია საკუთარ ინსტიტუტებში − ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში უფროს იურისტად 10 წელი იმსახურა”, − აცხადებს ენდი კარლინგი თავის სტატიაში, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“ჩემი ხელისუფლება დატოვებს ისეთ ევროპულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იქნება. ეს იქნება სისტემა, რომლის შენარჩუნებაც მოუწევს ნებისმიერ მომავალ პოლიტიკოსსა და მინისტრს”, − ამბობს სააგენტოსთან საუბარში თეა წულუკიანი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიუსელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების წინ ეწვია.
“New Europe”-თან საუბრისას თეა წულუკიანმა განაცხადა: “ჩვენ არ გვინდოდა, გაგვეკეთებინა იგივე, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, რომელმაც გაათავისუფლა მოსამართლეები “ვარდების რევოლუციის” შემდეგ”. მინისტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობს, რათა სასამართლო გათავისუფლდეს პოლიტიკური ჩარევისაგან. “ჩვენ გადავწყვიტეთ, ეტაპობრივად განვახორციელოთ რეფორმა. პირველი ეტაპი სწორედ ახლა დასრულდა. ის შეეხებოდა მოსამართლეების პროკურორების ზეგავლენისა და სხვადასხვა გარე ძალის ბერკეტებისგან გათავისუფლებას. ჩვენ, ასევე, გავათავისუფლეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკოსებისგან. პოლიტიკოსები ისხდნენ იქ და წყვეტდნენ სამართლებრივ საკითხებს, რაც არასწორია”, − აცხადებს თეა წულუკიანი.
მინისტრი იქვე დასძენს, რომ პროკურორებმა უკეთესად უნდა ისწავლონ მტკიცებულებების გამოყენება, ვიდრე მოსამართლეების კარნახი, მოსამართლეებმა კი უნდა გააანალიზონ, რომ ისინი სრულიად თავისუფალნი არიან.
სტატიაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგი ეტაპი უკვე გამოცხადდა. მეორე ეტაპზე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეიზღუდება. “ყველა მოსამართლეს ეშინია სასამართლოს თავმჯდომარის. ჩვენ გვინდა, თავმჯდომარე გავხადოთ მიუკერძოებელი; გვინდა, გავაძლიეროთ მოსამართლეები. მათ შეეძლებათ, თავად აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარეები”, − აცხადებს მინისტრი.
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის შექმნა. “ჩვენ გვინდა, გვქონდეს რაღაც, რაც დემოკრატიული გზით იმუშავებს. ამ დრომდე გვყავდა ძლიერი პერსონალიები, როგორც ლიდერები, მაგრამ როგორც კი ისინი წავიდნენ, დარჩა სიბინძურე. ჩვენ არ გვჭირდება პერსონები, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუტები”, − ამბობს თეა წულუკიანი.
ენდი კარლინგი აღნიშნავს, რომ მინისტრს აქვს კარგი გამოცდილება დასახული ამოცანის შესასრულებლად.
“მისი საუბრის რბილი მანერა გამყარებულია არგუმენტებითა და მოვალეობის ძლიერი გრძნობით. ქართულ მღელვარე პოლიტიკურ სივრცეში მისი მოსვლის მთავარი მოტივაცია იყო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მისი მუშაობა”, − ამბობს კარლინგი და იქვე მოჰყავს თეა წულუკიანის ციტატა, სადაც მინისტრი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მისი წამოსვლის მიზეზს განმარტავს.
“სასამართლოში მოსამართლედ 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ვმუშაობდი ქართულ საქმეებზე. ამ საქმეებმა დამანახვა, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში მძიმე ვითარება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი მუდმივი მოსამსახურე, დავტოვე თანამდებობა და დავბრუნდი საქართველოში, რათა პოლიტიკაში მოვსულიყავი. ეს იყო 2010 წელი, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, და შევუერთდი “დამოუკიდებელ დემოკრატებს”. ეს უიმედო პერიოდი გახლდათ, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” იყო ყველგან. მცირე ოპოზიციურ პარტიებს არ ჰქონდათ საშუალება, ებრძოლათ ეფექტიანად. ჩვენ მოკლებულნი ვიყავით ფინანსებს და არ გვქონდა იმის საშუალებაც კი, რომ საკუთარი ოფისების ფული გადაგვეხადა. შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და შექმნა კოალიცია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით არჩევნებზე”, − ამბობს თეა წულუკიანი.
აქვე იუსტიციის მინისტრი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, პრემიერმა თავიდანვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში ერთი-ორი წლით დარჩება, და რომ მას მაშინ არავინ დაუჯერა. “ახლა ის იცინის ჩვენზე და ამბობს − არ დამიჯერეთ, მაგრამ მივდივარ!” − აღნიშნავს წულუკიანი.
სტატიის ავტორის შეფასებით, ბიზნესმენთან ერთად, რომელიც პოლიტიკოსი გახდა, საქართველო ევროპის მხარეს იყურება.
“ჩვენ, ასევე, შეგვიძლია, ევროპას მოვუტანოთ სხვა ქვეყნების ღიაობა, შევასრულოთ ხიდის როლი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ევროპული ერი ვართ. როცა ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, ვსაუბრობთ ხალხზე, რომელმაც თავად აირჩია ევროპა და არა პოლიტიკოსებზე”, − აცხადებს თეა წულუკიანი.