როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ასახული არაა მომავალ წელს გასამართი არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიებისათვის განკუთვნილი დაფინანსება.
კომიტეტი დაეთანხმა წარმოდგენილ ბიუჯეტს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ წერილი გადაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით.
ამავე სხდომაზე პარლამენტის წევრების ირინა იმერლიშვილის და ზურაბ აბაშიძის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი “მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი საბოლოო მოსმენით განიხილეს. ამ ცვლილებებით, კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისათვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისგან. კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები “სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით იქნა მიღებული. უკვე მიღებული გადაწყვეტილებისამებრ პარლამენტი ამ კანონპროექტებს დაჩქარებული წესით იხილავს.