ჩვენ კითხვას, თუ რატომ ესწრებოდა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას, გოჩა ფერსაშვილმა ასეთი პასუხი გასცა:
_ კაით რა, კაით რა…
ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისმა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა:
“საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად: წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.
ჩვენს წერილობით მიმართვაზე თანდართული ფოტომოსალა და საინფორმაციო სააგენტო „გურია ნიუსის“ ინტერნეტსტატია (იხ. ლინკი https://gurianews.com/home/2010-11-26-08-10-05/12749———q-q.html#) მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის გოჩა ფარესაშვილის, მისი მოადგილის გურამ ასათიანის, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის აკაკი მაისურაძის და მისი მოადგილოს ზაზა დოლიძის მხრიდან ადგილი ჰქონდეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. ეს პირები 2013 წლის 13 სექტემბერს იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ამომრჩევლებთან წარდგენისას.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ამ კანონის 79-ე, 81-ე და 86-ე−92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, განიხილოთ, ჩვენს მიმართვაში დასახელებული ფაქტი, დაიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეების გოჩა ფერსაშვილის, გურამ ასათიანის, აკაკი მაისურაძის და ზაზა დოლიძის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
თქვენი რეაგირების შესახებ, გვთხოვთ, გვაცნობოთ წერილობით კანონით დადგენილ ვადაში,” _ აღნიშნულია იურისტების მიერ შეტანილ განცხადებაში.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ოფიციალური პასუხიდან კი ირკვევა, რომ “დაუდგენელია ფოტოზე აღბეჭდილი ტერიტორიის იდენტურობა შეხვედრის ადგილთან.”
“გადამოწმებული იქნა წერილში მითითებული ლინკი, საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსის” ინტერნეტ სტატია. აღნიშნულის გაცნობის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის გოჩა ფერსაშვილის, მისი მოადგილის გურამ ასათიანის, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის აკაკი მაისურაძის და მისი მოადგილის ზაზა დოლიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. სტატიაში განთავსებული ფოტო მასალა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც დაადასტურებს აღნიშნული პირების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უშუალო მონაწილეობას. შეუძლებელია დავადგინოთ რა პერიოდის განმავლობაში ესწრებოდნენ ისინი წინასაარჩევნო შეხვედრას, რა ფორმით იღებდნენ მონაწილეობას, რაში გამოიხატება მათ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ასევე დაუდგენელია ფოტოზე აღბეჭდილი ტერიტორიის იდენტურობა შეხვედრის ადგილთან. ფოტოზე არ ჩანს არც სააგიტაციო მასალა და არც შეხვედრის ორგანიზატორები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველი დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით,” _ აღნიშნულია წერილში.
როგორც ჩანს, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას ჩვენი სტატია კარგად არ გადაუმოწმებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, წევრები აუცილებლად წაიკითხავდნენ გოჩა ფერსაშვილის დასტურს იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, მისი თქმით, “პერიმეტრის დასაცავად“. რაც შეეხება ტერიტორიის იდენტურობის დადგენას, ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, კარგად გადამოწმების შემთხვევაში ესეც არ იქნებოდა “შეუძლებელი”, რადგან გამოქვეყნებულ ფოტოებში სწორედ ის ადგილი ჩანს, სადაც აქცია გაიმართა.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის და “იდენტურობის დასადგენად” ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას მარგველაშვილთან შეხვედრაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის ამსახველ ფოტო მასალას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ამჯერად, სხვა რაკურსიდან გადაღებულს.
აკაკი მაისურაძე, გოჩა ფერსაშვილი და გურამ ასათიანი აქციის მიმდინარეობისას
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე და მარგველაშვილის გურიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი აქციის დროს
ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე და პარლამენტის დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე გიორგი მარგველაშვილის ჩოხატაურში ვიზიტის დროს