2013 წლის დასაწყისში კეტრინ ეშტონმა (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგნელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში) და შტეფან ფულემ (ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში) საქართველოში მოავლინეს ევროპის საბჭოს ყოფილი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გასაწევად.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოში და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები დარჩენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის, მოსახლეობაში ადამიანის უფლებათა დაცვის დონის გაზრდის, დასაქმების სფეროში პროგრესული რეფორმების შემუშავების, აგრეთვე გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მასშტაბის გაზრდისა და წარსულში არსებული “ელიტარული კორუფციისა” და დაუსჯელობის აღმოფხვრისაკენ.
ჰამარბერგის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ თვეებში საქართველომ შეძლო “გადაუჭრელი და რთული პრობლემების საკმაოდ დიდი ნაწილის მოგვარება, მათ შორის, ისეთი პრობლემებისა, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას”. შეფასების დასასრულს, ჰამარბერგი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ კი, ევროკავშირს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მისი როლის შესრულების გაგრძელებისაკენ, რადგანაც “ევროპის ინტერესებში ცალსახად შედის საქართველოში დემოკრატიის განვითარება და შემდგომი განმტკიცება”. ნოემბერში იგეგმება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
თამარ ჩუგოშვილმა (საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერულ საკითხებში) განაცხადა: “საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამ ანგარიშს და მადლიერებას გამოხატავს ბატონი ჰამარბერგის მნიშვნელოვანი და დაუღალავი შრომის გამო. ხელისუფლება სრულად გაითვალისწინებს ბატონი ჰამარბერგის რეკომენდაციებს. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას. რეფორმების გაგრძელებისა და ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით საქართველო მალე მიაღწევს სრულ ინტეგრაციას ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში”.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე რეფორმების მასშტაბებს. ეს პერიოდი ანგარიშში მოხსენებულია, როგორც 1991 წელს “დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეორე გარდამავალი პერიოდი”. ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ზოგიერთი უაღრესად სათუთი საკითხი, ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენაზე გამიზნული ძალისხმევის ჩათვლით. “მნიშვნელოვანია დაუსჯელობასთან ბრძოლა, და ამ ბრძოლაში არცთუ ბოლო ადგილზეა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა”. ეს პროცესი, ჰამარბერგის ანგარიშის თანახმად, უნდა გახდეს “სამართლის აღსრულების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის მაგალითი”.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ჰამარბერგი უწოდებს “ყველა ჩართული მხარის გამოცდას”, ანგარიშში აღნიშნულია, რომ “წინა არჩევნებთან შედარებით, გარემო ზოგადად უფრო მშვიდობიანია”, რომ “დღეს საქართველოს საზოგადოებას აქვს შედარებით თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემო” და რომ “შეკრების უფლება დღეს უკეთ არის დაცული”.