უჩა ნანუაშვილი: “ყველა ამ საქმეებს ვსწავლობთ. რაც შეეხება ახალაიას საქმეს, ჩვენ ანგარიშში ნაწილობრივ გვქონდა საუბარი პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც ამ საქმეში არსებობს. ასევე ჩვენ ვაგრძელებთ საქმის მასალების შესწავლას, სასამართლო პროცესების მონიტორინგს. შესაბამისად, ერთიანი ანგარიში გამოიცემა მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დამთავრდება.
იგივე ეხება ე.წ. “ტრაქტორების საქმეს.” ჩვენი წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში დაკავებულებთან. მიმდინარეობს საქმის შესწავლაც. მთავარია, ჩვენ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას. შესაძლოა არსებობდეს პროცედურული დარღვევები. ეს რამდენად მოახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ამაზეა საუბარი. თუნდაც ბაჩო ახალაიას შემთხვევაში. შესაძლოა არის დარღვევები. მაგრამ, პრინციპში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მყარი არგუმენტები აქვს პროკურატურას, რამდენად გამართულია საქმე. რამდენად არის ხარვეზები, რომელიც გამოძიების ეტაპამდე დადგინდა. თუმცა, მე არ ვიცი ეს დარღვევები თუ მოახდენს სერიოზულ გავლენას საბოლოო გადაწყვეტილებაზე. თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მონიტორინგს ვახორციელებთ. ყველა საქმეზე ცალკე დასკვნები დაიდება.
_ ვანო მერაბიშვილს, ხომ არ მოუმართავს სახალხო დამცველისთვის პრეტენზიებით?
_ ერთადერთი რაც იყო, ტელევიზორთან დაკავშირებით. სხვათაშორის, ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ჩვენი დახმარებით ეს პრობლემა მოუგვარეს. ის უჩიოდა იმას, რომ გასეირნების დროს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეხედა გარეთ და ჰორიზონტი დაენახა. იმიტომ, რომ იქ ისეა მოწყობილი, შეუძლებელია ამის გაკეთება. თუმცა, სხვა მხრივ მას რამე განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია. იგი ითხოვდა, ოჯახის წევრებთან შეხვედრასაც. მაგრამ, მე არ მახსოვს ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ბრალდებულს სანამ სასამართლო არ მიუსჯის და განაჩენს არ გამოუტანს, ვინმე აძლევდეს უფლებას ოჯახის წევრებს შეხვდეს. ასეთ პრეცენდენტები ჩემთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში მოახდინოს და შეახვედროს ოჯახის წევრებს. ისევე, როგორც ტელევიზორთან დაკავშირებით მოხდა. მაგრამ, ეს არ არის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ვალდებულება, ეს არის კეთილი ნება. მას შეუძლია გაითვალისწინოს პატიმრის მდგომარეობა, რამდენად არის კანონმორჩილი, რამდენად იმსახურებს… ეს არის ერთგვარი სტიმული, წახალისების ფორმა.