მისი თქმით, გამგებელს მისი გათავისუფლების არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს. თუმცა, უკვე 8 თვეა გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას სთხოვს.
“არ ვიცი, რატომ მთხოვს, რომ განცხადება დავწერო და თანამდებობა დავტოვო. მიზეზი, რასაც თვითონ აცხადებს, უსაფუძვლოა. კერძოდ, თითქოს ეს სასოფლო – სამეურნეო ბარათებს უკავშირდება, რაშიც თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუ ასეა, მაშინ რწმუნებულების უმრავლესობა უნდა გაათავისუფლოს. როგორც ჩანს, ვიღაც ისეთი გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს ადგილი უნდა. ამასთან, შარაშენიძემ მელექედურში ახალი შტატი დაამატა, ერთი კვირის წინ მესამე სპეციალისტი დანიშნა და როგორც ვიცი 3 თვიანი ხელშეკრულებით,” _ აცხადებს ცხომელიძე.
კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერას, რწმუნებული პასუხობს, რომ განცხადებას ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შარაშენიძე უკანონოდ ათავისუფლებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე გამგეობამ რწმუნებულების მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებაც მოხდება.
“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის N112 განკარგულების საფუძველზე , ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს ევალებოდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა, ანდა ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემების შეგროვება ცხრილების სახით. აღნიშნული დავალება მათ უნდა შეესრულებინათ საკუთარი პასუხისმგებლობით, ვინაიდან ეს მონაცემები იგზავნებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. პირველ და მეორე ეტაპზეც გადაგზავნილ მონაცემებში იყო ხარვეზები, რაზედაც სამინისტროს 2013 წლის 30 04 N 12/2916 წერილით გვეცნობა, რომ აღნიშნული საქმიანობა აყვანილი ყოფილიყო მკაცრ კონტროლზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო რწმუნებულების მიერ ჩატარებული საქმიანობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და ეტაპობრივად დაიწერება დასკვნები მათ საქმიანობაზე. დარღვევის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირებაც,” _ განუცხადეს “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში.