განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სქემაზე მუშაობს, რომელიც უკვე არსებულ პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესს ჩაანაცვლებს. მასში ჩართულები იქნებიან, როგორც სერთიფიცირებული, ასევე, არასერთიფიცირებული პედაგოგები.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ საკინიძის განცხადებით, სერთიფიცირება შეფასების ერთადერთი საშუალება არ იქნება.
“არსებული სქემა ძალიან ცუდად დაგეგმილი იყო. ეს, რომ შეგვესრულებინა, 2015 წლისთვის პედაგოგების სერიოზული დეფიციტი შეგვექმნებოდა. რაც სკოლების დახურვას გამოიწვევდა. შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლითაც არსებულ სერთიფიცირების პროცესს ჩავანაცვლებთ. შეფასების სისტემა, რომელსაც დავნერგავთ, მრავალმხრივი იქნება. უახლოეს დღეებში ამ სქემის განხილვას შევუდგებით. პედაგოგების განვითარება-გადამზადებაც იგეგმება. მათი კარიერული წინსვლა არსებულ საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს.
“სერთიფიცირება შეფასების ერთადერთი საშუალება არ იქნება. მას პრაქტიკული ნაწილიც დაემატება. სერთიფიცირების გამოცდა აუცილებლად განიცდის ტრასფორმაციას. კომპლექსური შეფასება გვექნება. მალე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევა დაიწყება, რომელიც გვიჩვენებს, სად გვაქვს სამუშაო. გვაქვს სხვა კვლევების შედეგები, რომელზეც ეს ალტერნატიული მოდელი ავაგეთ. თუმცა, კვლევა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, საბოლოო იქნება, რომ ეს პრობლემა ბოლომდე გადავწყვიტოთ. პრობლემა მოგვარებადია. სქემა, რომელსაც პედაგოგებს შევთავაზებთ ყველასთვის სავალდებულო იქნება. ყველა პედაგოგს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება”, _ აცხადებს სანიკიძე Aris.ge- სთან ინტერვიუში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა სერთიფიცირების პროგრამის გადახედვა მართლაც დგას დღის წესრიგში, თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.
“განათლების მინისტრს სერთიფიცირების პროცესთან დაკავშირებით ძალიან კარგი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული და ის პირდაპირ მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარეობს.
“რაც შეეხება პროგრამის გაუქმებას, გვისაუბრია ამაზე. დეტალები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, აღნიშნული პროგრამა შესაძლოა დაიხვეწოს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვაგვარი მეთოდით ჩანაცვლდეს.
“ყველა მასწავლებლის მოთხოვნაა, რომ სერთიფიცირება არ იყოს სავალდებულო. მასწავლებლებში უნდა გაიზარდოს მოტივაცია, რათა მან სტატუსის ამაღლების მიზნით გამოცდაზე გასვლა თავად მოისურვოს, მაგრამ პედაგოგს საშუალება უნდა მიეცეს კრედიტები გამოცდაზე გასვლის გარეშეც დააგროვოს. ჩვენი მოთხოვნა მუდმივად იყო ის, რომ სერთიფიცირება მასწავლებლისთვის სადამსჯელო ღონისძიებას არ უნდა წარმოადგენდეს. ეს სერთიფიცირების პროცესი და პედაგოგის კვალიფიკაციის ასამაღლდებელი გადამზადება, ერთმანეთთან თანხვედრი არ იყო. ტესტებს, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები ადგენდნენ, ქართულ რეალობას არ იყო მორგებული. შესაბამისად, ვიღებდით შედეგს, როცა მასწავლებელი, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში ძალიან კარგი იყო, ამ გამოცდებზე საკმარის ქულებს ვერ აგროვებდა. ყოველივე ეს კი ნიშნავს, რომ სერთიფიცირების პროექტი ნაკლოვანებებით სავსეა და ის სიღრმისეულ გადახედვასა და ცვლილებებს მოითხოვს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას კობახიძე.
პედაგოგთა სერთიფიცირების გამოცდების სხვა ტიპის პროგრამებით ჩანაცვლებას მიესალმება პარლამენტის წევრი და განათლების სპეციალისტი ნინო გოგუაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა ტრეინინგებითა და საგნობრივი გადამზადებით უნდა ხდებოდეს.
“ამ პროექტს ხარვეზები ჰქონდა. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა სახელმწიფოებში განსხვავებული მოდელებია, თუნდაც იგივე ტრეინინგები, საგნობრივი გადამზადება, ახალი მეთოდების სწავლება…
“სერთიფიცირება – ეს იყო ტესტები, რომლითაც მასწავლებლობა რეგულირებად სპეციალობად გარდაიქმნა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ასეთმა სისტემამ შედეგი ვერ მოგვცა. უმრავლესობა ამ გამოცდას ვერ აბარებდა.
“თუ ახალი სისტემით პედაგოგებს მიეცემათ საშუალება კრედიტები სხვადასხვა ტრეინინგების გავლით დააგროვონ, გაცილებით მისაღებია. ეს ორინეტირებული იქნება არა მასწავლებელთა დასჯაზე, არამედ მუდმივად მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე”, _ უთხრა “გურია ნიუსს” გოგუაძემ.