რატომ დააკავეს კეზერაშვილი საფრანგეთში და რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს ინფორმაცია, ამის შესახებ ალბათ ქართული სამართალდამცავი ორგანოები ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. იმ შემთხვევაში, თუ კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში მოხდება, მას სისხლის სამართლის საქმეების გრძელი ნუსხა ელოდება.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, სიძესთან (დის ქმარი) მეირი ჯანაშვილთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებენ. როგორც პროკურატურა ირწმუნება, სასამართლოში მათ ბრალეულობას 118 მოწმე დაადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით, სპირტის იმპორტიორებმა ნიკოლოზ დავითაშვილმა და იოსებ იმნაძემ, რომელთა ბიზნესსაც კეზერაშვილი პირადი გამორჩენის სანაცვლოდ მფარველობდა, პროკურატურასთან ითანამშრომლეს და ბრალი აღიარეს
ჩამონათვალი კი ასეთია.
ეპიზოდი პირველი – “სპირტიანი ქრთამი”
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ ყურძნის მასალასთან ეთილის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით, ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოება განიზრახეს.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ დაარეგისტრირეს შპს “განთიადი” და შპს “ნაფარეული” და სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.
დავითაშვილმა და იმნაძემ სუფრაზე გაიცნეს ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარი მეირი ჯანაშვილი, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან.
ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომელმაც ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ 1 ლიტრ სპირტზე 0,3 ამერიკული დოლარის გადახდა მოითხოვა.
გამოძიების მასალებით, კეზერაშვილისგან თანხმობის მიღების შემდეგ. იმნაძემ და დავითაშვილმა უკრაინული სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და საქმიანობა დაიწყეს.
2007 წლის 8 იანვარს, 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით, საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც მან ქრთამის სახით 72 000 აშშ დოლარი აიღო. ამავე წლის 5 თებერვალს, აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს _ კეზერაშვილს ისევ 72 000 აშშ დოლარი ერგო.
2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში 2445 065 ლიტრი სპირტის შემოტანის სანაცვლოდ, კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი მიიღო.
2007 წლის მაისის ბოლოს, უკვე თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. კერძოდ, 1 ლიტრ სპირტზე ის 0,7 დოლარს ითხოვდა, შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე მას 2 011 961 აშშ დოლარი გადაუხადეს.
2008 წლის იანვრიდან, კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.
თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იცავს. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს რომ კეზერაშვილი პოლიტიკურად იდევნება. მისი თქმით, პროკურატურა კეზერაშვილს 12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებას ედავება და მხოლოდ 60 ათასი დოლარის ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს შემოტანილი და რეალიზებული სპირტის რაოდენობასაც, რადგან მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთელი ერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ უნდა ყოფილიყო.
ეპიზოდი მეორე _ “იმედის” საქმე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით “ გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია “bordex limited”-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს “ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს, ქ. თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული “ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს “ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს “ახალი რიყეს” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას “lakebrow limited”-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.“
ეპიზოდი მესამე _ გამქრალი მილიარდ ექვსასი ათასი და კბილაშვილის კომენტარი
დავით კეზერაშვილს, საქართველოს პროკურატურა, ჯერჯერობით, მისთვის (კეზერაშვილისთვის) “შეუფერებლად მცირე” თანხას, 13 მილიონამდე ლარის მითვისებას ედავება.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არსებობს აუდიტის აქტი, რომელიც 2008-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას ასახავს, რომლის მიხედვითაც გაცილებით დიდი ოდენობის გაფლანგულ თანხაზეა საუბარი.
როგორც ამ საქმეში გათვითცნობიერებულმა წყარომ გვაცნობა, 2008 წელს, თავდაცვის სამინისტროში ჩამოსულები იყვნენ ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც მათ მიერ გამოყოფილ ერთი მილიარდ ექვსასი ათასი დოლარს ეძებდნენ, უფრო ზუსტად კი ადგენდნენ, თუ რაში იქნა გახარჯული, მაგრამ ბევრი ვერაფერი გაარკვიეს.
“გურია ნიუსმა” რამდენიმე ხნის წინ, ამ საკითხის გარკვევა საქართველოს მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან სცადა.
_ ბატონო არჩილ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს სულ რაღაც 13 მილიონს ედავებით. ჩვენი ინფორმაციით, 2008 წელს ამერიკელები თავდაცვის სამინისტროსთვის მათ მიერ გადმორიცხულ მილიარდ ექვსასი ათასს დოლარს ეძებდნენ, მაგრამ რაში იქნა გახარჯული, ვერ დაადგინეს. რა ხდება კეზერაშვილის საქმეში, მხოლოდ ეს ერთი ეპიზოდი გაქვთ?
_ კეზერაშვილის საქმე, რომელიც გარეთ გამოვიდა და გასაჯაროვდა, არ ეხება თავდაცვის სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდს.ეს ცალკე თემაა და მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების კუთხით. აღებული გვაქვს 2004 -2012 წლების პერიოდი. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა და რევიზორები გამალებით მუშაობენ. უამრავი ეპიზოდია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და მიმდინარეობს მათი დამუშავება და შესწავლა. ეს იმდენად დიდი თემაა, რომ ალბათ ჩვენ მოგვიწევს პატარ-პატარა ეპიზოდების სრულად შესწავლა და გამოტანა. თორემ სხვანაირად, ეს რთული იქნება. მთელი წელი დაჭირდება. ათეულობით ეპიზოდის გამოტანა მოგვიწევს.
პ. ს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების სრული სია კიდევ უფრო დიდია…