უწყებათაშორისი კომისია მიესალმება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებას პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძისათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის შესახებ. ამ თემაზე ტელევიზიებთან შუამდგომლობის თხოვნით ბურჯანაძის პარტიამ კომისიას 4 ოქტომბერს წერილობით მიმართა.
პარტია “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-8 პუნქტს ეყრდნობოდა, სადაც ნათქვამია: “მაუწყებელი უფლებამოსილია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება”.
პარტია მიუთითებდა, რომ მიმდინარე წელს 5 კვლევა ჩატარდა (“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI); საკონსულტაციო ცენტრი “ფსიქო პროექტი” – 2 კვლევა; “ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და “გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩი”), რომელთა მიხედვით, აღნიშნული პარტიის კანდიდატმა კანონით მოთხოვნილი ზღვარი გადალახა.
უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველოს“ მოთხოვნა აკმაყოფილებს “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტების მოთხოვნებს და მოუწოდებს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტს, გაითვალისწინოს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები და გაიზიაროს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიდგომა სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით.