საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა ქალაქ “მზიურის” ტერიტორიის ნაწილს (დაახლოებით 59 000 კვ.მ.), 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულებით, განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნა. ტერიტორიას ეს სტატუსი 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტმა მიანიჭა.
მზიურის საზღვრები ოფიციალურად დადგენილი არ არის და მისი ფართობი პირობითად განსაზღვრულია 52 800 კვ.მეტრით, ხეობაში გაშენებული მწვანე საფარის განფენილობის მიხედვით. ტერიტორია ნაკვეთებადაა დაყოფილი და დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. თუმცა, საკუთრების მიუხედავად, ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. გარდა ამისა, ტერიტორიას მშენებლობისგან პრეზიდენტის ბრძანებულებაც იცავდა, რომლითაც “მზიურს” განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა.
“მზიურის” ფარგლებში უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ პარკის საზღვრები 2000–2012 წლებში მკვეთრად შეიცვალა და ნაკვეთებს კერძო მფლობელები გამოუჩნდნენ. 2012–2013 წლებში, კერძო მფლობელებმა, თავიანთი კუთვნილი ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლის მოთხოვნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურს უამრავჯერ მიმართეს, მაგრამ სამსახური, უმრავლეს შემთხვევაში, მათ უარს ეუბნებოდა და საფუძვლად პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის ბრძანებულება მოჰყავდა.
2013 წლის 2 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც მზიურის ფარგლებში არსებულ თითქმის ყველა კერძო ნაკვეთს “განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის” სტატუსი მოუხსნა. ამ ნაკვეთების საკადასტრო კოდებია: 01.14.14.005.155; 01.14.14. 005.160; 01.10.16.008.013; 01.10.16.008.014; 01.10.16.008.015; 01.14.14.009.018; 01.14.14.005.072; 01.14.14005.073; 01.14.14.010.030; 01.14.14.005.095; 01.14.14.005.090; 01.14.14.005.134; 01.10.17.023.011; 01.10.17.023.006.
კერძო ნაკვეთებზე ზემოთხსენებული სტატუსის გაუქმება მესაკუთრეს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონა 2–ის სტატუსის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს (ზონალური შეთანხმებით). ერთ-ერთ ნაკვეთს (01.14.14.005.072) სარეკრეაციო ზონა 2 საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 1–ით შეეცვალა. ამ ტენდენციით, შესაძლებელია, “მზიურის” ტერიტორიაზე ახალი მშენებლობები ვიხილოთ.