“პირველ რიგში მუნიციპალურ ქალაქებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით და მის შემადგენლობაში არ შევა სასოფლო ტიპის დასახლებები. კრიტერიუმებში გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის რაოდენობა, ურბანული მიზიდულობისა და ქალაქის განვითარების პოტენციალი. ეს სავარაუდოდ შეეხება ისეთ მუნიციპალურ ქალაქებს როგორიცაა ოზურგეთი, სამტრედია, ზუგდიდი და ა.შ. მუნიციპალიტეტიდან დარჩენილ, უკვე არსებულ სათემო და სადაბო ტიპის დასახლებებს კი ეძლევათ შესაძლებლობა გაერთიანდნენ და შექმნან ახალი სახის მუნიციპალური გაერთიანებები, რომლებსაც თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიენიჭებათ, რა თქმა უნდა, ისიც ობიექტურად დადგენილი კრიტერიუმის საფუძველზე, რომელიც მხედველობაში მიიღებს მოსახლეობის რაოდენობას სიმჭიდროვის ზონის მიხედვით 1 კვ. კილომეტრზე და ადმინისრტაციული ცენტრიდან დაშორების მანძილს მასში შემავალ უკიდურესი სიშორის დასახლებამდე (სავარაუდოდ იგი 20 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის თემში). ანუ ასეთი ტიპის თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი არჩევითი საკრებულო და გამგეობა, დამოუკიდებელი ქონება და ბიუჯეტი. სურათი რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ განვიხილოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შედის 29 ტერიტორიული ერთეული, რომლიდანაც ერთი გახლავთ ქალაქი, 4 ერთეული დაბის ტიპის დასახლებაა, ხოლო დანარჩენი თემი და სოფელი. ახალი კონცეფციის მიხედვით ქალაქ ოზურგეთს შეუძლია მიიღოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ხოლო დანარჩენ 28 ტერიტორიულ ერთეულს შეეძლებათ გაერთიანდნენ და შექმნან კიდევ დამატებით 2 თვითმმართველი ერთეული ზემოაღნიშნული ჩარჩო-კრიტერიუმების გათვალისწინებით. საბოლოოდ გამოდის ის, რომ დღევანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელია შეიქმნას 3 დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული.
როგორც ვხედავთ ტრადიციადქცეული რაიონული რგოლი, რომელსაც ჩვენ აქამდე მუნიციპალიტეტს ვუწოდებდით საერთოდ “ამოვარდნილია” რეფორმიდან მისაღები შედეგიდან. თავის მხრივ, კი ზემონახსენები ექვსი დიდი ქალაქი ბუნებრივია კვლავ რჩება როგორც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მატარებელნი”, _ განმარტა ჩვენთან საუბრის დროს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ხინთიბიძემ.