ინფუზომატი ქიმიოთერაპიის დროს პრეპარატების დოზირებისთვის გამოიყენება და პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს. მისი შეძენა იმ სახსრებით მოხერხდა, რომელიც სპონსორმა ორგანიზაციებმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული III საერთაშორისო კონფერენციის – “საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები” – გასამართად გამოყვეს.
“ჩვენ პერიოდულად ვეხმარებით ხოლმე ცენტრს იმისათვის, რომ ამ ბავშვებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და მაქიმალურად ამოვუდგეთ მხარში. აპარატი, რომელიც დღეს ცენტრს გადავეცით, ბავშვებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარება. გარდა ამისა, ჩვენი სამინისტრო მუდმივად მონაწილეობს უანგარო დონაციის აქციაში. დღესაც გავიღე სისხლი. მინდა, ამით მაგალითი მივცე მთელს საქართველოს, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური გავაკეთოთ ამ ბავშვების მხარდასაჭერად,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორის, თამთა დემურიშვილის ონფორმაციით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
“უპრეცედენტო იყო ის შემთხვევა, რაც ამ სამინისტრომ გააკეთა. კონფერენციის ფარგლებში სპონსორებისგან შემოსული თანხა იმისთვის გამოიყენა, რომ ჩვენ ინფუზომატი შეგვეძინა. ეს აპარატი ქიმიოთერაპიის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინისტრს და სამინისტროს იმისათვის, რომ ასე გვიდგანან მხარში და მაგალითს აძლევენ ჩვენს თანამოქალაქეებს,“ – განაცხადა თამთა დემურიშვილმა.
დავით ნარმანიამ დღესვე უანგარო დონაციის ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო.