ამის შესახებ კბილაშვილმა “რუსთავი 2”-ში, გადაცემა “პოზიციაში” ისაუბრა. კბილაშვილის თქმით, კითხვებს იწვევს უშიშროების საბჭოს 2011-2012 წლების ხარჯთაღიცხვა და საკონსულტაციო ხარჯები, რომელიც 26 მილიონს შეადგენს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, საუბარია დიდი რაოდენობით ნაღდ ფულზეც.
“უშიშროების საბჭოს მდივანი ლოგიკურად, ალბათ, დასაკითხ ადამიანთა სიაში მოხვდება”, – განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხს ამჟამად აუდიტის სამსახური სწავლობს და მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დასკვნას წარმოადგენს, გამოძიების მეორე ფაზა დაიწყება.
კბილაშვილმა სააკაშვილის მიერ 1 ლარად გასხვისებულ ქონებებზეც და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზეც ისაუბრა:
“მაგალითად 27 ათასი შემთხვევაა, როდესაც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად ან უსასყიდლოდ პრეზიდენტმა სახელმწიფო ქონება გაასხვისა. რა თქმა უნდა, ეს 27 ათასი გამოძიების წარმოებას არ ნიშნავს, მაგრამ არსებობს რიგი საქმეებისა, სადაც კითხვებია გაჩენილი პრივატიზების და მისი მიზაშეწონილობის შესახებ. სახელმწიფო ქონების განკარგვა პრეზიდენტის კანონიერი უფლებაა, მაგრამ თუ გამოვლინდება, რომ ამ განკარგვას საფუძველად არაკანონიერი და დანაშაულებრივი მიზანი ედო, მაშინ ის კანონიერი არ არის”, – განაცხადა კბილაშვილმა.