“ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში მუშაობის პერიოდში გამოავლინა კარგი მენეჯერის და ლიდერის ფუნქციები. სწორედ ამიტომ, პრემიერის თანამდებობაზე მისი დანიშვნა ბუნებრივად მოხდა. მე აქტიურად ვითანამშრომლებ მასთან ქვეყნის უსაფრთხოების მუხლით, უკვე ვმუშაობ რამდენიმე მიმართულებაზე და ერთად ვიმსჯელებთ რეფორმების დაგეგმვაზე.
რაც შეეხება მედიისთვის და საზოგადოებისთვის მთავარ კითხვას – ვინ იქნება შს მინისტრი, მინდა მთლიანად ირაკლის მივანდოთ კანდიდატურის შერჩევა, რადგან ერთი, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და მეორე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ის სწორედ ამ სისტემიდან მოდის და კარგად არის ჩახედული სამინისტროს საქმიანობაში. ნამდვილად ვეთანხმები მის განცხადებას, რომ კანდიდატურა სწორედ ამ სისტემიდან შეირჩევა”.
სესიაშვილმა აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების ყოფილი ლიდერები თხზავენ ამბებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. ამ ზღაპრების საფუძველი არის ის, რომ როგორღაც გაამართლონ თავიანთი მთლიანად სიცრუეზე დაფუძნებული მმართველობა. აქვე აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, რომ უსაფრთხოების სისტემა დღეს უფრო კარგად მუშაობს, რადგან სისტემის დეპოლიტიზაციის შემდეგ ყველა გადართულია მუშაობაზე.
ირაკლი სესიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება სასამართლო რეფორმების დაჩქარება და “სასამართლო დადგება სამართლიანობის რელსებზე”.