სარკინიგზო კატასტროფიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და იმერეთის სახანძრო სამსახურის ბრიგადები.
როგორც შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც დასახლებულ პუნქტს შექმნია საფრთხე.
იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში მარანში და ლოკალიზებულია თუ არა ხანძარი, “გურია ნიუსი” აბაშის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა კვიტაშვილს დაუკავშირდა.
მამუკა კვიტაშვილი:
_ ამ წუთში დავბრუნდი შემთხვევის ადგილიდან. ხანძარი ლოკალიზებულია. მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც დასახლებული პუნქტისთვის შეუქმნია საფრთხე. დროულად მოხდა სამაშველო სამსახურების ჩარევა.
_ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ორი კი არა, ხუთი ვაგონი გადაბრუნდა.
_ არა, ორი ვაგონი გადავიდა რელსიდან და შემდეგ გადაბრუნდა. ნავთობი დაიღვარა და ხანძარი გაჩნდა. ამ წუთებისთვის ყველაფერი დასრულებულია.
_ თუ არის რელსებიდან ვაგონის გადასვლის მიზეზი ცნობილი?
_არა, ეგ ნამდვილად არ ვიცი.
აღნიშნულ სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზამ” განცხადება გაავრცელა.
“11:40 სთ–ზე ფართო წყლის მიმართულებით მოძრავი ნავთობით დატვირთული შემადგენლობიდან ლიანდაგს ასცდა ორი ცისტერნა და სავალი ნაწილიდან გადავიდა სადგურ ქოლობანთან, რამაც გამოიწვია მცირე რაოდენობით საწვავის დაღვრა, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი. მობილიზებულ იქნა როგორც სამაშველო, ასევე რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილი. დაწყებულია ფაქტის მოკვლევა”.