საკანონმდებლო ნოვაციათა პაკეტი 5 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის პატიმრობის, სისხლის სამართლის, საგადასახადო კოდექსში, კანონში “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები არიან.
დღეს კი ამ ცვლილებებს სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აცნობდა, სადაც გამოთქმული შენიშვნები, სავარაუდოდ, ცვლილებათა პაკეტში შევა.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე აცხადებს, ცვლილებები იმ რეფორმის სამართლებრივი უზრუნველყოფის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სამინისტრომ უკვე დაიწყო.
მისივე თქმით, ცვლილებები პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, მოხდება პატიმრების კლასიფიცირება საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით.
“ჩვენს მიერ წამოწყებული რეფორმის წარმატებით განხორციელებას სამართლებრივი უზრუნველყოფა სჭირდება, სწორედ ამ სამართლებრივი უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რაც პატიმრობის კოდექსში და სხვა თანმდევ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ცვლილებები ასევე, ითვალისწინებს ჩვენი თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფასაც. ამასთანავე, ამ კანონპროექტით, პირველად მოხდება პატიმართა კლასიფიცირება საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით, შესაბამისად, ჩვენ გვექნება 2 ახალი ტიპის დაწესებულება – დაბალი და მაღალი რისკის მქონე,” _ განაცხადა გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, დაბალი რისკის დაწესებულება რუსთავის მე–16 ციხეში, ხოლო განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესებულება ლაითურში განთავსდება.
“რუსთავის მე–16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსდებიან ის პატიმრები, რომლებიც არ არიან კრიმინალური სამყაროს წევრები, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ საწარმოო ზონებში. მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით, ინვესტირებას ამერიკული კომპანია განახორციელებს. ეს იქნება ე.წ. ბათინკების საწარმო. რაც შეეხება მეორე დაწესებულებას, ეს არის განსაკუთრებული მეთვალყურეობის დაწესებულება, რომელიც განთავსდება სოფელ ლაითურში და განკუთვნილი იქნება კრიმინალური სამყაროს წევრებისთვის, რომლებიც არღვევდნენ ციხის შინაგანაწესს და ასევე ხელს უწყობდნენ კრიმინალური სამყაროს გავლენის გაძლიერებას ციხეებში,” _ განაცხადა გიგა გიორგაძემ.
რაც შეეხება ქალთა დაწესებულებას, გიორგაძის განცხადებით, ის სავარაუდოდ, ადგილს შეიცვლის და უფრო კარგი კლიმატური პირობების მქონე ადგილზე განთავსდება.
“მოქმედი კანონმდებლობით, არსებობს და იარსებებს ქალთა დაწესებულება, რომელიც სავარაუდოდ, ადგილს შეიცვლის. თუ სად განთავსდება ის, მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, ეს არ იქნება რუსთავში, რადგან მოგეხსენებათ იქ როგორი კლიმატური პირობებია. ქალბატონებს კი უფრო უკეთესი გარემო უნდა შეექმნათ. მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების ნაცვლად, იარსებებს სარეაბილიტაციო დაწესებულება. ასეთ დაწესებულებაში არასრულწლოვანთა უფლებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. მეტი შესაძლებლობა იქნება, რომ თანდათან მოხდეს მათი რესოციალიზაცია,” _ განაცხადა გიორგაძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, ის ცვლილებათა პაკეტში ძირითადად დაზუსტებებს გულისხმობს.
როგორს საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე აცხადებს, ჯამში ცვლილებები დადებითად ფასდება. თუმცა, რამდენიმე საკითხი დაკონკრეტებას საჭიროებს.
“გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გავცნობოდით ამ ცვლილებებს და ჯამში დადებითად ვაფასებთ, რადგან ეს პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. თუმცა, გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა. პირველი, ეს არის საზოგადოებრივი მონიტორინგის წარმოება. სამწუხაროდ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არა აქვს არანაირი ბერკეტი ციხეებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც ეს არის, რომ “პატიმრობის კოდექსში” დარეგულირდეს მონიტორინგის წარმოება. გარდა ამისა, გვაქვს რეკომენდაცია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით რა უნდა გაუმჯობესდეს, რომ ასეთი შემთხვევები აღიკვეთოს. ამასთან, უნდა დაზუსტდეს ლეტალური და არალეტალური იარაღის გამოყენების საჭიროებები და რისკები,” _ აცხადებს ფოფხაძე.
მისივე თქმით, საია-ს კონკრეტული შენიშვნები აქვს აუდიო კონტროლთან დაკავშირებითაც.
“პატიმრებს პირადი ცხოვრების დაცვის მაღალი მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, დასაზუსტებელია აუდიო კონტროლის მექანიზმი. ამასთან, გვაქვს რამდენიმე სპეციფიკური რეკომენდაცია. მაგალითად, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებასთან დაკავშირებით. პატიმრების ნაწილი საკუთარი ხარჯით რამდენჯერმე ახორციელებს სატელეფონო საუბრებს, მაგრამ სამწუხაროდ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ არსებობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და პატიმრები. ასეთ გამონაკლისებს კანონმდებლობა უნდა უშვებდეს, რომ მათაც ჰქონდეს ზარის განხორციელების საშუალება,” _ აცხადებს ფოფხაძე.
ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ “პატიმრობის კოდექსი” უნდა “გაადამიანურდეს” და მასში მაქსიმალურად ჩაიდოს ისეთი ლიბერალური მომენტები, რომ ყველა პატიმარს თანაბარ სიტუაციაში ყოფნა შეეძლოს.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვიხილავთ პაემნების საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, არის ფასიანი პაემნები და თითოეული გრძელვადიანი პაემანი 60 ლარი ღირს. არსებობს ასევე მოკლევადიანი პაემნებიც. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ფასიანი პაემნებით ნუ შემოიფარგლება კოდექსი. ვისაც აქვს საშუალება, რომ თანხა გადაიხადოს, მას სხვა პირობებში ჰქონდეს პაემნის განხორციელების საშუალება, მაგრამ უნდა იყოს უფასო, ან ძალიან დაბალი ტარიფით გრძელვადიანი პაემნები, რათა ყველა პატიმარს მიეცეს ოჯახთან შეხვედრის საშუალება. ანუ ფასი არ უნდა გახდეს კანონის გამოუყენებლობის საფუძველი,” _ აცხადებს კაკაბაძე.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს და მათი გადამზადების აუცილებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, კანონით ესეც უნდა დარეგულირდეს.
ევროკავშირის პროექტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენელი ლალი ჩხეტია აღნიშნავს, რომ კანონში საბაზისო განათლების აუცილებლობა მაინც უნდა დაფიქსირდეს.
“სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს დაბალი ასაკის თანამშრომლები რა თანამდებობებზე დაინიშნებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ვვარაუდობთ, რომ ისინი გარე პერიმეტრის დაცვას მოიაზრებენ. როგორც იცით, სამხედრო სამსახურებიდან ხვდებიან ხოლმე დაწესებულებებში გარე დაცვის თანამშრომლები, მაგრამ ეს კანონით დაზუსტებული უნდა იყოს. რაც შეეხება რეკომენდაციას, მიგვაჩნია, რომ იმ პირებს, რომლებსაც პატიმრებთან ექნებათ შეხება, მაღალი ასაკობრივი ცენზი უნდა დაუწესდეთ,” _ აცხადებს ჩხეტია.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ დასამტკიცებლად ჯერ მთავრობას, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. თუმცა, როდის მოხდება კანონში ცვლილებების განხორციელება, ჯერჯერობით უცნობია.