ოთხი ბლოკიდან, რომელსაც სამოქმედო გეგმა ეფუძნება, მისიამ განსაკუთრებულად წარმატებულად ორი მიმართულება გამოყო: დოკუმენტების უსაფრთხოება, მათ შორის ბიომეტრიული საბუთები; ინტეგრირებული საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრით უზრუნველყოფა.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ უზრუნველყო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკანონმდებლო და პოლიტიკური საფუძვლების (ბიომეტრიის ჩათვლით) ჩამოყალიბება; მოქალაქეთა რეგისტრაციის პროცესის ერთიანობა და უსაფრთხოება, საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებულ და უსაფრთხო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.
დოკუმენტების უსაფრთხოებასა და მოქალაქეთა უსაფრთხო ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული სააგენტოს მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის და სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, მათი ელექტრონულ ფორმატში გადატანა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის პროცესის სრული ავტომატიზაცია.
მინიტორინგში აგრეთვე დადებითადაა შეფასებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირება. ამ საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მასში სხვადასხვა სამინისტრო, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები აქტიურად არიან ჩართულნი. უკვე ერთი წელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები პროაქტიულად იძიებენ ტრაფიკინგის არაერთ საქმეს. დადებითად შეფასდა აგრეთვე სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდირება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სფეროში; უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერას და გეგმის ოთხივე ბლოკში დასახული ამოცანების შესრულების შესახებ მომდევნო ანგარიშს 2014 წელს გამოაქვეყნებს. ამ ამოცანების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ექნებათ, რომლის ერთ-ერთ წინაპირობასაც მოქალაქის გაუყალბებელი დოკუმენტებისა და უსაფრთხო სამოქალაქო რეესტრის არსებობა წარმოადგენს.